კარასინი: მოსკოვი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე ფიქრობს

მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა შემსუბუქდეს, თუმცა არ მოიხსნას, სავიზო რეჟიმი საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც რუსეთში გამგზავრება სურთ, განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „რია ნოვოსტის“ 13 ივნისს.

კარასინმა, რომელიც ორმხრივ ფორმატში პერიოდულად დიალოგს აწარმოებს პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან, განაცხადა, რომ მოლაპარაკებები იმ მოქალაქეების კატეგორიის გაფართოებას ეხება, რომელთაც რუსული ვიზების მიღება შეუძლიათ.    

საქართველომ 2012 წლის თებერვლის ბოლოს ცამხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.

„დიალოგი სავიზო რეჟიმის შემსუბუქების თაობაზე მიმდინარეობს და ჩვენ იმაზე ვფიქრობთ, რომ გავაფართოვოთ იმ ხალხის რაოდენობა, რომლებიც მოწვევის საფუძველზე იღებენ ვიზებს, და  ის უფრო მოქნილი გავხადოთ“, – განაცხადა კარასინმა და დასძინა, რომ ამ საკითხზე შეთანხმება მომდევნო თვეებში იქნება შესაძლებელი.

ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა. საქართველო აცხადებს, რომ მხოლოდ მას შემდეგ აღადგენს რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს, რაც მოსკოვი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას უკან წაიღებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა 11 ივნისს, რომ ორი ქვეყნის უშიშროების სამსახურებს შორის დანაშაულის და ტერორიზმის  წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას გაუხსნის გზას.

კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი მოიხსნას, პუტინმა განაცხადა სახელმწიფო ინგლისურენოვან ტელეკომპანია Russia Today–ისთან ინტერვიუში: „თუ ჩვენ მართლაც ერთობლივად ვიმუშავებთ დანაშაულთან, ტერორთან ბრძოლაში, მაშინ ეს შესაძლებელია“.

„მე თქვენ ალბათ დიდ საიდუმლოს არ გაგიმხელთ, თქვენ ალბათ იცით, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ჩვენთან კავკასიაში მუდმივად აღწევენ, აღწევდნენ ტერორისტული ელემენტები“, – განაცხადა პუტინმა.

„ჩვენ გვინდა თანამშრომლობა, გვსურს ვიმუშაოთ საქართველოსთან, გვინდა ურთიერთობების სრული მასშტაბით აღდგენა. და ვიმეორებ, რომ თუ ჩვენ შევძლებთ ამგვარი მუშაობის აწყობას სამართალდამცავი ორგანოების, სპეციალური სამსახურების სფეროში – ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რათა აღვადგინოთ უვიზო რეჟიმი“, – განაცხადა მან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version