პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პირველად მოიწვია მას შემდეგ, რაც 2012 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში.

„პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვალ [5 ივნისს] 4 საათზე ჩატარდეს უშიშროების საბჭოს სხდომა; მობრძანდეს პრემიერ–მინისტრი და მისი გუნდი და ვიმსჯელოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე“, – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოები საკითხებში, გიგა ბოკერიამ 4 ივნისს.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გასულ თვეს ქართულმა ოცნებამ საჯაროდ მოუწოდა პრეზიდენტს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოეწვია და ასევე მას შემდეგ, რაც პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა „პალიტრა ტვ“–სთან ინტერვიუში, რომ საბჭო თითქმის რვა თვეა არ შეკრებილა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი და მისი მდივანი გიგა ბოკერია გააკრიტიკა.   

„რაში იღებენ ხელფასს და რას აკეთებენ?… რას აკეთებს უშიშროების საბჭო“ მარტო იმას აკეთებს, რომ ამერიკაში დადის და ლობისტებს ხვდება?“, – განაცხადა ივანიშვილმა და ივარაუდა, რომ ცოტა ხნის წინანდელი კრიტიკული სარედაქციო სტატია Washington Post–ში ბოკერიას ლობისტური ძალისხმევის შედეგი იყო. მისი თქმით, ბოკერიას ბოლო ვიზიტი აშშ-ში „დაემთხვა“  Washington Post–ის სარედაქციო სტატიის გამოქვეყნებას, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების გამო აკრიტიკებს.

ივანიშვილმა ასევე გამოთქვა ვარაუდები, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი შესაძლოა არამიზნობრივად ხარჯავდეს სახელმწიფო სახსრებს. მისი თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭომ მხოლოდ 2012 წელს 16 მილიონი ლარი დახარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლობისტურ საქმიანობაზე საზღვარგარეთ და ამ ხარჯებს გრიფი „საიდუმლო“ ედო. „დღეს პროკურატურაშია გადაცემული და გამოძიება მიმდინარეობს ამ საკითხზე“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ გარკვეული თანხა „ნაღდი ფულით არის აღებული“. ივანიშვილმა განაცხადა, რომ თანხების ხარჯვა ეროვნული უშიშროების საბჭოს მეშვეობით ხდებოდა და „რა თქმა უნდა, მასთან [ბოკერიასთან] შეკითხვები არსებობს… მას მოუწევს კითხვებზე პასუხი გასცეს გამოძიებასაც, და ალბათ საზოგადოებაც დაუსვამს კითხვებს“.   
 
ბოკერიამ უარყო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, როგორც „სრული აბსურდი“ და განაცხადა, რომ ყველა ხარჯები კანონიერი იყო და პროკურატურა უკვე სწავლობს ყველა იმ დოკუმენტს, რომლებიც ლობისტურ კონტრაქტებს ეხება. მისი თქმით, ქვეყნისთვის „სახიფათოა“, როდესაც მისი პრემიერ–მინისტრი გაბრაზების შემთხვევაში ღიად მოუწოდებს სისხლის სამართლებრივი დევნის გამოყენებისკენ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. 

„ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან ღრმა პრობლემასთან საქართველოს ახალი ხელისუფლების და პრემიერ–მინისტრის, პირველ რიგში. ეს არის მისი სრული აუტანლობა ოპონენტების არსებობის; ის ხშირად ამბობს ხოლმე, რომ ოპონენტებმა სიმართლე უნდა ილაპარაკონო, ანუ რაც მას მიაჩნია სიმართლედ – ეს არის ყველაზე სახიფათო, თუ გნებავთ, ფსიქოლოგიური პრობლემა“, – განაცხადა ბოკერიამ 4 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა რამდენიმე თვის განმავლობაში იმის გამო არ იქნა მოწვეული, რომ მასში მონაწილეობის მზაობა არ ყოფილა პრემიერ–მინისტრის მხრიდან. თუმცა, ივანიშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს მოწვევა პრეზიდენტის დისკრეციაა და იგი არ უნდა დალოდებოდა მის მითითებებს. ეროვნული უშიშროების საბჭო „არ არის პირდაპირ ჩემს დაქვემდებარებაში“, განაცხადა მან. 

გარდა პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს მდივნისა, საბჭოს რეგულარული წევრები არიან პრემიერ–მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ფინანსთა მინისტრი; პარლამენტის თავმჯდომარე ასევე მონაწილეობს სხდომებში. ბოკერიამ განაცხადა, რომ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ასევე იქნა მოწვეული სხდომაზე, რადგანაც ერთ–ერთი განსახილველი საკითხი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ე.წ. „საზღვრის მოწყობის“ საკითხიც იქნება.

პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს ჯერ არ უთქვამს მიიღებს თუ არა მონაწილეობას 5 ივნისის სხდომაში.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, შესაბამისად, ბრიუსელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან ვიზიტებით. ფანჯიკიძე მიესალმა იმ ფაქტს, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა იქნა მოწვეული, თუმცა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ იგი ვერ მიიღებს მონაწილეობას მასში და სხდომის ორშაბათისთვის გადადების ინიციატივით გამოვიდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version