ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 4.25%–მდე ამცირებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 4.25%–მდე შეამცირა, რადგანაც წლიური ინფლაცია კვლავ ნულს ქვემოთ რჩება, რაც მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია.

წლიურმა ინფლაციამ აპრილში -1.7% შეადგინა და არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ მთლიანი ინფლაცია მიმდინარე წლის განმავლობაში მიზნობრივ 6%–იან მაჩვენებელზე დაბალი იქნება და მას მომავალი წლის ბოლოსთვის დაუახლოვდება, იტყობინება ეროვნული ბანკი.

ეროვნულმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ 2013 წლის პირველი კვარტლის 1.7%–იანი ეკონომიკური ზრდა „მოსალოდნელზე დაბალი“ იყო. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განუცხადა ჟურნალისტებს 8 მაისს, რომ ეროვნული ბანკმა შესაძლოა შეამციროს ეკონომიკური ზრდის 2013 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც 6%–ს შეადგენს.

„სამწუხაროდ, [სტატისტიკური] მონაცემების ერთობლიობა არ გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ გავალთ 6%–იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე“, – განაცხადა ქადაგიძემ. „ამის მიზეზი არის, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების შენელება, ასევე ადგილობრივი ფაქტორი, მხედველობაში მაქვს ადგილობრივი ბიზნესის პასიურობა, რომელიც გარკვეულწილად, ჯერ კიდევ არ გამოსულა მოლოდინის რეჟიმიდან“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version