უსუფაშვილი ივანიშვილის განცხადებაზე: ‘უფრო ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო მგრძნობიარე საკითხებზე საუბრისას’

ლოპოტას ოპერაციის შესახებ პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას, სადაც მან ვარაუდი გამოთქვა, რომ აგვისტოში მომხდარი შეტაკების გამოძიებამ შესაძლოა გაამყაროს სახალხო დამცველის ბრალდებები, რომ წინა ხელისუფლებამ გაწვრთნა და შეაიარაღა მებრძოლები, რათა შემდგომ ისინი ჩრდილოეთ კავკასიაში გაეგზავნა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „უფრო ფრთხილი დამოკიდებულებაა“ საჭირო „მგრძნობიარე საკითხებზე“ საუბრისას.

30 აპრილს „მეცხრე არხთან“ ინტერვიუში უსუფაშვილს ჰკითხეს: „მოდით დავუშვათ, რომ თქვენ ახლა ხართ ოპოზიციაში“, როგორ შეაფასებდით პრემიერ–მინისტრის განცხადებას ლოპოტას ოპერაციაზე?

„არა, ოპოზიციაში ყოფნა სულ არ არის საჭირო იმისათვის, რომ ზოგადად რაღაც საკითხებში შესაძლოა მეც და თქვენც, ან ორივემ ერთად ან ცალ-ცალკე დავინახოთ ის, რომ შესაძლოა ჯობდეს ასეთ საკითხებზე ცოტა უფრო ფრთხილი დამოკიდებულება და ბატონი ბიძინა ხშირად ამას თავადაც ამბობს ხოლმე და საჯაროდ ჩივის იმაზე, რომ საჯაროდ ხანდახან ზედმეტად ისე ვსაუბრობ ხოლმეო, არა პოლიტიკოსის ენითო“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„მე ზოგადად ვთვლი, რომ ამ ძალიან მტკივნეულ და მგრძნობიარე საკითხებზე, საერთაშორისო თვალსაზრისითაც და საშინაო თვალსაზრისითაც, ზოგადად ჯობია ყველა დაველოდოთ გამოძიების მასალებს ანუ უტყუარ მტკიცებულებებს და მერე გამოითქვას ვარაუდები; ზოგადად ეს იქნება უკეთესი“, – განაცხადა უსუფაშვილმა, „ამასობაში სანამ რაიმე უტყუარი მტკიცებულებები არ არის ამ თემებზე საჯარო დებატები, არა მგონია, რაიმეს ან ვინმეს ხელს აძლევს – ან ახალ მთავრობას, ან ქვეყანას ან ძველ მთავრობას“.

როდესაც თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას ბოლო დღეების განმავლობაში სულ ცოტა სამჯერ ჰკითხეს სხვადასხვა ვითარებაში ლოპოტას ოპერაციის შესახებ პრემიერ–მინისტრის განცხადებაზე, მან უპასუხა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დასკვნების გაკეთების საჭიროება ჯერ არ არსებობს; მან ასევე განაცხადა, რომ „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არ გვაქვს მტკიცების საფუძველი“, რომ მებრძოლები წინა ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობდნენ. „მოდით დაველოდოთ გამოძიებას“. – განაცხადა ალასანიამ 29 აპრილს და დასძინა, რომ პრემიერ–მინისტრსაც იგივე შეხედულება აქვს. „ლოპოტას ოპერაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გამოძიება მიდის და გამოძიების დასრულებამდე არ უნდა გაკეთდეს წინასწარი დასკვნები“, – განაცხადა ალასანიამ.

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 26 აპრილს „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ  ლაფანყურის სპეცოპერაციაზე მიმდინარე გამოძიების შედეგები შესაძლოა „შოკის მომგვრელი“ იყოს და შესაძლოა სახალხო დამცველის მიერ გახმოვანებული ბრალდებები გაამყაროს, რომლის თანახმადაც ინციდენტის შესწავლამ გამოავლინა ფაქტები, რომლებიც მიუთითებენ, რომ შეტაკებაში მონაწილე შეიარაღებული დაჯგუფება საქართველოს შსს-ის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ჩამოაყალიბა, აღჭურვა და გაწვრთნა.  ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა მოყვა, ხოლო პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ განცხადებას „უპასუხისმგებლო“ და უკიდურესაც საშიში უწოდა, რომელიც მისი თქმით, რუსულ პროპაგანდასთან მოდის შესაბამისობაში. 29 აპრილს ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან „ეჭვი გამოთქვა“, მაგრამ პირდაპირი აქცენტი არასდროს გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ხელისუფლება „ტერორისტებთან თანამშრომლობდა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version