YouTube-ზე გავრცელებულ ვიდეოში იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ID ბარათი არ არის „ანტიქრისტეს ბეჭედი“

სხვადასხვა მართლმადიდებლური ჯგუფების ასზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის რამდენიმე მღვდელი, კვირას იუსტიციის სამინისტროს წინ შეიკრიბა ელექტრონული ID ბარათების გასაპროტესტებლად, რომლებიც თანდათან ანაცვლებს საქართველოში მანამდე არებულ პირადობის მოწმობებს.

2011 წელს ID ბარათების შემოღების შემდეგ მართლმადიდებლური ჯგუფები მართავენ საპროტესტო კამპანიას ამ ბარათების აკრძალვის ან მათთან ერთად ალტერნატიული პირადობის მოწმობის დაშვების მოთხოვნით მათთვის, ვისაც ახალი ელექტრონული ბარათების აღება არ სურთ.

იუსტიციის სამინისტროსთან კვირას მოწყობილი აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებდა, რომ ახალი ID ბარათები მთავრობის მიერ მოქალაქეთა „ტოტალური კონტროლის“ საშუალებას წარმოადგენს. სამღვდელოების ერთმა წარმომადგენელმა აქციაზე განაცხადა, რომ მართალია ამჟამინდელ მთავრობას შესაძლოა არ ჰქონდეს განზრახვა, რომ ID ბარათზე დატანილი პერსონალური ინფორმაცია არასწორად გამოიყენოს, მაგრამ ასეთი ცდუნება შესაძლოა გაუჩნდეთ სხვა პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მომავალში შეიძლება მოვიდნენ ხელისუფლებაში.

აქციამდე ერთი დღით ადრე იუსტიციის სამინისტრომ 6-წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა თავის YouTube-ის გვერდზე, სადაც ახალგაზრდა წამყვანი განმარტავს, თუ რას წარმოადგენს ID ბარათი.

„ცრუა, მოსაზრება იმის შესახებ, რომ ID ბარათი ანტიქრისტეს ბეჭედია ან რომ მასზე არის მხეცის ნიშანი. ეს რომ ასე არაა, ამას წმინდა სინოდის გასული წლის დადგენილებაც ადასტურებს“, – აცხადებს ბარათის წარმდგენი გულისხმობს რა სინოდის 2012 წლის ივლისის გადაწყვეტილებას, რომელშიც ნათქვამია:  „სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი“.

ვიდეოში ასევე ნათქვამია, რომ სამოქალაქო რეესტრმა იკისრა და შეასრულა ვალდებულება იმის შესახებ, რომ არცერთ ID ბარათზე მიწყობილად სამი 6-იანი „არ ფიგურირებს და არც მომავალში იქნება“. მასში ასევე ნათქვამია, რომ ელექტრონულ ID ბარათის 80 კილობაიტიან ჩიპზე დატანილი ინფორმაცია მოიცავს მფლობელის ვინაობას, დაბადების თარიღს და ადგილს, მოქალაქეობას, პირად ნომერს, ფოტოსურათს, ბარათის გამცემ ორგანოს, გაცემის თარიღს და მისი მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღს.

დღესდღეობით ID ბარათით საქართველოს 700 ათასზე მეტი მოქალაქე სარგებლობს. მოქალაქეებს ფასიანი ID ბარათის აღების ვალდებულება მას შემდეგ უჩნდებათ, რაც მათ პირადობის მოწმობებს ვადა გაუვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version