ივანიშვილის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატი ყველაზე გვიან მაისში დასახელდება

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია ქართული ოცნება თავის საპრეზიდენტო კანდიდატს ყველაზე გვიან მაისის თვეში დაასახელებს მას შემდეგ, რაც გუნდის შიგნით „შევაჯერებთ და შევათანხმებთ“ ერთიან კანდიდატს. 

„მე პირადად მაქვს არჩევანი ჩემი, მაგრამ ჯერ ეს გუნდთან უნდა შევათანხმო და გუნდმა უნდა დაამტკიცოს“, – განაცხადა ივანიშვილმა მისი ფავორიტი კანდიდატის დასახელების გარეშე.

მან ტელევიზიების და გაზეთების რედაქტორებთან 10 აპრილს გამართულ შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხის აქტუალობამ „გადაიწია“,  რათა სხვა თემებზე, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებსა და სასამართლო რეფორმის საკითხებზე, „ყოფილიყო უფრო მეტი აქცენტი“.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების კუთხით „საბედნიეროდ გვაქვს არჩევანი.“

„მე ვფიქრობ, რომ გვყავს ჩვენ ღირსეული პიროვნებები, ვისაც მიიღებს საზოგადოება და მიიღებს სიამოვნებით და ეჭვქვეშ არ დადგება მისი გამარჯვება“, – განაცხადა მან.

ამ დროისთვის თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაუსახელებია არც ნაციონალურ მოძრაობას.

საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში არის დაგეგმილი და მასში მონაწილეობის უფლება პარტიულ კანდიდატებთან ერთად, ასევე აქვთ დამოუკიდებელ კანდიდატებს.

ახალ პრეზიდენტს კონტიტუციურად იმაზე გაცილებით ნაკლები უფლებები ექნება, ვიდრე ამჟამინდელ პრეზიდენტს გააჩნია, ვინაიდან მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციისას დაგეგმილია იმ ახალი საკონსტიტუციო დებულებების ამოქმედება, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლების შემცირების ხარჯზე პრემიერ-მინისტრის უფლებებს ზრდის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version