ივანიშვილი გაზის ტარიფის 10%–ით შემცირებაზე საუბრობს

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა სამშაბათს, რომ ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი თებერვლიდან 10%–ით შემცირდება.
 
„ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და დიდი სურვილი გვაქვს და მე მგონი კიდევ მოვახერხებთ გაზის ფასის შემცირებას“, – განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე.

ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ტარიფის დაგეგმილი შემცირების დეტალები ბოლომდე არ არის მიყვანილი.

ამჟამად, გაზის ტარიფი დედაქალაქის მომხმარებლებისთვის 50.62 თეთრს შეადგენს ერთ კუბამეტრზე, ხოლო რეგიონებში ეს ტარიფი 49–დან 55 თეთრამდე მერყეობს.

თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მესაკუთრეა „ყაზტრანსგაზი“, რომელიც ყაზახეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია ”ყაზმუნაიგაზის“ შემადგენელი ნაწილია.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ  კომპანია SOCAR–ი ერთადერთი გაზგამანაწილებელი კომპანია გახდა საქართველოში, დედაქალაქ თბილისის გარეთ მას შემდეგ, რაც მან კომპანია „იტერა–საქართველო“ იყიდა.

5 თებერვალს პრესკონფერენციაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო დროს ასევე შეინიშნება საწვავზე და მედიკამენტებზე ფასების კლების ტენდენცია. 

„ეს მაჩვენებელია იმის, რომ ბიზნესმენებმა ყურად იღეს, რომ მონოპოლიური ფასები არ უნდა არსებობდეს და თვითონვე დაიწყეს გამოსწორება, რაც მისასალმებელია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version