სააკაშვილმა ავღანეთში ქართველი სამხედროები მოინახულა

პრეზიდენტი სააკაშვილი 31 დეკემბერს ავღანეთში ჩავიდა, სადაც ჰელმანდის პროვინციაში განთავსებული ქართველი ჯარისკაცები მოინახულა.

თავის მიმართვაში ჯარისკაცებისადმი, რომლის მცირე მონაკვეთიც პრეზიდენტის  YouTube-ის  ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, სააკაშვილმა უთხრა ავღანეთში განთავსებულ ქართველ სამხედროებს, რომ მათი „მისია ისტორიული მნიშვნელობისაა“ და რომ მას იქ ქართველი დეპუტატების ჯგუფიც ახლავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სააკაშვილის ჰელმანდში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია 25 დეკემბერს გაავრცელა.     

პირველად სააკაშვილი ავღანეთს 2012 წლის თებერვალში სტუმრობდა.

საქართველომ ავღანეთში 19 სამხედრო დაკარგა მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ISAF-ის ოპერაციაში ჩაერთო. რვა მათგანი წელს დაიღუპა.
 
თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის კანონპროექტის მომზადების ინიციატივით გამოვა, რომლის ფარგლებშიც იმ სამხედროებისთვის, რომლებიც ავღანეთში მსახურობდნენ, და მათი ოჯახებისთვის, დამატებითი სოციალური შეღავათები იქნება გათვალისწინებული პენსიის სახით; დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ამ ინიციატივას წინ უძღოდა თავდაცვის სამინისტროს განცხადება 26 დეკემბერს, რომლის თანახმადაც ავღანეთში მოსამსახურე ჯარისკაცებს 2013 წლის იანვრიდან ხელფასები მოემატებათ.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version