პროკურატურა ნაციონალურ მოძრაობას კამპანიის დროს სახელმწიფო სახსრების გამოყენებაში ადანაშაულებს

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა ოთხშაბათს, რომ ის ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტს იძიებს.   

26 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 8 სექტემბერს საქართველოს 11 ქალაქში გამართული ყრილობის დროს ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდის აქციაზე აქტივისტების გადაყვანის მიზნით მიკროავტობუსები დაიქირავა, რომლებსაც პარტიის ანგარიშიდან გადაერიცხათ მხოლოდ მძღოლების შრომის ანაზღაურება 39 900 ლარის ოდენობით.

მაგრამ საწვავი, პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოყო.

პროკურატურის განცხადებით, დანაშაულთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ბიუჯეტიდან მიზნობრივად შესყიდული საწვავიდან, მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის – ნიკოლოზ ძიმცეიშვილის და კონსტიტუციური უსაფრხოების დეპარტამენტის უფროსის ლევან ქარდავას ორგანიზებით,  54 000 ლიტრი დიზელის საწვავის ტალონები გადაეცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას. ქობალიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განკუთვნილი "დანაშაულებრივად მოპოვებული" საწვავის ტალონები – გადაუნაწილა 393 მიკროავტობუსის მძღოლს.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ფაქტობრივი ხარჯების შენიღბვისა და ხელოვნურად შემცირების მიზნით, გააყალბა ანგარიშგების დოკუმენტები და მიუთითა, თითქოსდა, აქციაში მხოლოდ 93 მიკროავტობუსი მონაწილეობდა“, – განაცხადა პროკურატურამ.

პროკურატურამ არ დააკონკრეტულა აღიძრა, თუ არა სისხლის სამართლის საქმე ვინმეს წინააღმდეგ. მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიმდინარე  გამოძიების სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ გამოძიებისას გამოიკვეთა ნაციონალური მოძრაობის უკანონო წარმომავლობის თანხებით დაფინანსების რამდენიმე სხვა ფაქტიც, კერძოდ, 2012 წლის 23 სექტემბერს  ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციის ორგანიზებისთვის საჭირო სატრანსპორტო ხარჯები – 120 000 ლარი "ფარულად, საფინანსო დეკლარაციაში ყოველგვარი ასახვის გარეშე", თბილისის მერის მოადგილემ დავით ალავიძემ გადაიხადა, რაც პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონის შესაბამისად, წარმოადგენს პარტიის სასარგებლოდ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობას. პროკურატურის ინფორმაციით, ეს მასალები გადაეგზავნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელსაც ამჟამად ყოფილი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, ლაშა თორდია ხელმძღვანელობს. 

დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელიც იმ დროს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი იყო, განაცხადა, რომ პარტიის საარჩევნო კამპანიის ხარჯები გამჭირვალე და კანონიერია. კიდევ ერთმა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურის ბრალდებები ოპოზიციის პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი დასტურია.    

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version