ზურაბ აბაშიძე რუს დიპლომატს ‘არაფორმალურად’ შეხვდება



საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრესკონფერენციაზე, 1 ნოემბერი. ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა ორშაბათს, რომ იგი ევროპაში რუს დიპლომატს  „არაფორმალურ“ ფორმატში შეხვდება, რათა ორ ქვეყანას შორის „კომუნიკაციების ახალი არხის“ დაწყების პირობები შეათანხმოს.

საუბრისას აბაშიძე ხშირად იყენებდა სიტყვას „ალბათ“, მათ შორის შეხვედრის ადგილთან და რუსული მხარის წარმომადგენელთან დაკავშირებით.

მან განაცხადა, რომ შეხვედრა „უახლოეს მომავალში“ გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ასევე განაცხადა დღეს, რომ შეხვედრა შესაძლოა „ამ კვირის განმავლობაში“ გაიმართოს.

აბაშიძემ განუცხადა ჟურნალისტებს 10 დეკემბერს, რომ შეხვედრა შესაძლოა შვეიცარიაში გაიმართოს – სწორედ ეს ქვეყანა ასრულებს ამჟამად შუამავლის დროს რუსეთსა და საქართველოს შორის.

მან ასევე განაცხადა, რომ შეხვედრის დაგეგმვაში შუამავლები არ მონაწილეობენ.

აბაშიძემ აღნიშნა, რომ დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრაზე იგი შესაძლოა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდეს.

აბაშიძემ განაცხადა, რომ ეს იქნება „არაფორმალური შეხვედრა ერთი ერთზე“.

გრიგორი კარასინი რუსული მხარის წარმომადგენელია ჟენევის დისკუსიებზე, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო და რომელშიც ასევე მონაწილეობენ საქართველოს და აშშ–ის, ასევე ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.

ჟენევის მოლაპარაკებების 22–ე რაუნდი 12 დეკემბერს იგეგმება.        

კარასინმა განუცხადა „რია ნოვოსტის“ 10 დეკემბერს: „მეც არ გამოვრიცხავ, რომ შეხვედრა მიმდინარე კვირას გაიმართება… მოხარული ვიქნებით მასთან საუბარი გავმართოთ ამ [საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის] რანგში“.

აბაშიძემ განაცხადა, რომ იგი ჟენევის დისკუსიებზე ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არ იქნება.

თუმცა, მან გაიმეორა თბილისის პოზიცია, რომ ჟენევის ფორმატი უნდა შენარჩუნდეს, როგორც ცალკე ფორმატი „კომუნიკაციის ახალი არხის“ პარალელურად.

„ჟენევის ფორმატმა უნდა გააგრძელოს მუშაობა“, – განაცხადა აბაშიძემ, „ჩვენი ხედვით, საუბარი უნდა იყოს კომუნიკაციის ახალ ფორმატზე, პოლიტიკური დიალოგის სრულიად ახალ, დამოუკიდებელ არხზე;  ასე რომ, ჟენევის შეხვედრასთან ამას კავშირი არ ექნება; თუმცა, ეს შეხვედრა შეიძლება გაიმართოს შვეიცარიაში… ეს შეხვედრა, სავარაუდოდ, შვეიცარიაში გაიმართება“.

აბაშიძემ განაცხადა, რომ მის მომავალ „არაფორმალურ შეხვედრას ერთი ერთზე“ უფრო ტექნიკური ხასიათი ექნება, „უფრო საორგანიზაციო განხილვა იქნება იმისა, თუ როგორ უნდა წარიმართოს შესაძლო დიალოგი მომავალში“.

თუ მიღწეული იქნება პრინციპული შეთანხმება „კომუნიკაციის ახალი არხის“ დაწყებაზე, მისი თქმით, ამას ასევე დასჭირდება შეთანხმება „უამრავ ტექნიკურ“ საკითხზე.

„ჯერ ჩვენ პრინციპში არ გადაგვიწყვეტია, რომ ეს ფორმატი ამოქმედდება, თუმცა ეს შეხვედრა იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთის მხარე ინტერესით მოეკიდა ამ ჩვენ ინიციატივას“, – განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 9 დეკემბერს, რომ „უახლოეს მომავალში“ ზურაბ აბაშიძესთან „კონტაქტები“ იგეგმება იმ კონტექსტის გასარკვევად, რომელშიც თბილისი მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობს.
 
აბაშიძემ განაცხადა, რომ მოსკოვს აქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავს თბილისი ამ დიალოგს.

„ჩვენ რუსეთის მხრიდან ასეთი კითხვები მოვისმინეთ; ჩვენ გვაქვს ამაზე პასუხები. ალბათ, ეს პირველი შეხვედრა უფრო ტექნიკური ხასიათის იქნება, უფრო საორგანიზაციო განხილვა იქნება იმისა, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს შესაძლო დიალოგი მომავალში. ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, ამას გავაცნობთ და ვნახოთ რამდენად მისაღები იქნება რუსეთის მხარისთვის ასეთი ხედვა“, – განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით, დიალოგი წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს. 

„ქართული მხარე არ აყენებს არანაირ წინაპირობას და ჩვენც ველით, რომ რუსეთის მხრიდანაც არ იქნება არანაირი წინაპირობები. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ბატონი ლავროვის განცხადება, რაც ალბათ იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი მიდგომა რუსული მხარისთვისაც მისაღებია“, – განაცხადა აბაშიძემ.

1 ნოემბერს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი დანიშნა.

„მათ [რუსეთის ხელისუფლებას] აქვთ გარკვეული წითელი ხაზები, რომლის გადალახვას ისინი არ აპირებენ, მათ არაერთხელ დაადასტურეს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უარყოფას ისინი არ აპირებენ; ჩვენც გვაქვს ასეთი წითელი ხაზები“, – განაცხადა აბაშიძემ 1 ნოემბერს და დასძინა, რომ ეს „წითელი ხაზებია“ საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და მისი თავისუფლება აირჩიოს ალიანსები ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით.

„მაგრამ სანამ ამ წითელ ხაზებამდე მივალთ, ჩვენი ხედვა ასეთია, რომ არსებობს სხვა პრობლემები, სადაც ჩვენ საერთო შეხების წერტილები შეიძლება ვიპოვოთ და ისინი ნაბიჯ–ნაბიჯ მოვაგვაროთ, თუნდაც სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები, კულტურული ურთიერთობები, ჰუმანიტარული კავშირები და ა.შ.“, – განაცხადა აბაშიძემ.

10 დეკემბერს ზურაბ აბაშიძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ქართული მხარე მიესალმა ლავროვის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსკოვი მზად არის საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები განიხილოს. რუსეთმა ქართული ღვინის და მინერალური წყლების იმპორტი 2006 წელს აკრძალა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version