ივანიშვილი ქართულ ოცნებაში ‘შიდა კონკურენციის’ გაზრდისკენ მოუწოდებს

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას არ მიაჩნია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა კოალიცია ქართული ოცნების „სერიოზული ოპონენტი“ იქნება მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ან 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე და კოალიციის შიგნით „შიდა კონკურენციის“ გაზრდისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნება“ ექვს პარტიას აერთიანებს: ივანიშვილის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები; რესპუბლიკური პარტია; კონსერვატიული პარტია; ეროვნული ფორუმი და მრეწველები.

„არის საფრთხე იმისა, რომ ჩვენ შესაძლებელია კოალიციის გარეთ სერიოზული ოპონენტი ვერ მოვიპოვოთ“, – განაცხადა ივანიშვილმა 9 დეკემბერს.

პრემიერ–მინისტრმა ეს განცხადება ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ყრილობაზე გააკეთა, სადაც ირაკლი ქადაგიშვილი ახალ თავმჯდომარედ იქნა არჩეული მას შემდეგ, რაც პარტიის დამფუძნებელი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრად დანიშვნის გამო თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა. ყრილობას ასევე ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

„კი ზიან მეგობრულად ალასანია და უსუფაშვილი, მაგრამ მე ვიცი, რომ ისინი საკმაო კონკურენციასაც გრძნობენ და ეს ნორმალურია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„უახლოეს მომავალში, უახლოესი ოთხი წელი მაინც, შემდგომ საპარლამენტო არჩევნებამდე ჩვენ მოგვიწევს კოალიციურ რეჟიმში მუშაობა“, – განაცხადა ივანიშვილმა, „ჩვენ დღეს გვყავს ოპონენტები, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა კონსტრუქციულ ოპონირებას ისინი ვერ ახერხებენ და ამის იმედი, გულწრფელად რომ მოგახსენოთ, მე არც მომავლისთვის არ მაქვს. ისინი აგრძელებენ ძველ იდეოლოგიაზე დაფუძნებით ცხოვრებას, რაც იყო ძალადობაზე და სიცრუეზე დაფუძნებული – რაზეც უარი თქვა საქართველოს მოსახლეობამ. მიუხედავად ჩემი მრავალჯერადი მოწოდებისა … რომ უარი თქვან ძალადობასა და სიცრუეზე და ითანამშრომლონ თავისი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და იყვნენ კონსტრუქციული ოპონენტები, ამას ვერ ახერხებენ“. 

„თუ ეს სიტუაცია ასე გაგრძელდა – და როგორც ჩანს ეს ასე გაგრძელდება – შემდგომი არჩევნები,  2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და 2014 წლის გაზაფხულზე ადგილობრივი არჩევნები გველის – ჩემი აზრით, ორივე შემთხვევაში ჩვენ სერიოზული ოპონენტი ვერ გვეყოლება. ამისათვის აუცილებელი იქნება შიდა კონკურენციის გაზრდა. ჩვენ უნდა შევნარჩუდეთ უახლოესი წლები ერთ მუშტად, კოალიციის სტრატეგია უნდა იყოს ძირითადი სტრატეგია და ამავდროულად უნდა გაღრმავდეს შიდა კონკურენცია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ერთი დღით ადრე პრემიერ–მინისტრი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შეხვდა და განაცხადა, რომ მათთან კოორდინაციასა და უფრო მკარ დისციპლინაზე იმსჯელა.

კვირას გამართულ ყრილობაზე ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზედმიწევნით უნდა გაანალიზოს, თუ რა მოხდა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სამეგრელოში, სადაც „ქართული ოცნება“ დამარცხდა ნაციონალურ მოძრაობასთან ყველა ოლქში.

ზუგდიდის ერთმანდატიან ოლქში ირაკლი ალასანია მაჟორიტარული მანდატისთვის იბრძოდა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, როლანდ ახალაიამ მოიგო არჩევნები.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი ბევრს ემზადებოდა სამეგრელოს არჩევნებისთვის, მაგრამ „რაღაც ვერ გავითვალეთ, სადღაც მოგვატყუეს, ვერ მოვახერხეთ დაფიქსირება დარღვევების და ეს დასანანია“.

„ეს მომავლისთვის ანალიზისთვის უნდა გამოვიყენოთ. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამეგრელოში ჩვენს გამარჯვებას და მე ყველაზე მეტი ენერგიაც ამაზე დავხარჯე და ყველაზე გამოკვეთილი ლიდერი, ალასანიაც, იქ იყო მივლინებული“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, სამეგრელოში მიღებული შედეგები „არ იყო საინტერესო“.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version