ლავროვი საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ

მოსკოვს სურს იცოდეს, თუ რას სთავაზობს საქართველოს ახალი ხელისუფლება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების „ნორმალიზებისთვის“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 4 დეკემბერს.

მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრიუსელში ნატო–რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ახალი მთავრობის განცხადებების შესახებ ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც ახალი მთავრობა მზადაა, როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, „განაახლოს რუსეთთან ურთიერთობები წინაპირობების გარეშე“ და დაინტერესდა იმ სფეროებით და პირობებით, რის საფუძველზეც მოსკოვი ითანამშრომლებს საქართველოსთან.

„საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ რამდენჯერმე საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთთან და ზოგადად მეზობლებთან რეგიონში ურთიერთობების ნორმალიზების სურვილი აქვს. ჩვენ ამის თაობაზე მასმედიიდან შევიტყვეთ და გვინდა გავიგოთ, თუ კონკრეტულად რას და როგორ გვთავაზობენ“, – უპასუხა ლავროვმა.

„ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი ქართველ მეზობლებთან კონტაქტებზე. ქართველი ხალხი – ჩვენთვის მეგობრები არიან, ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს ისტორიულ, კულტურულ და ჰუმანიტარულ კავშირებში. ჩვენ არ გაგვიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან იმ ავანტიურის შემდეგ, რომელიც სააკაშვილმა დაიწყო სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის შედეგად“, – განაცხადა მან.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვიქნებით განვიხილოთ საქართელოდან სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის მოწოდების განახლების საკითხი, თუ ის იმ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ამ ტიპის იმპორტს უყენებს“. 

„ჩვენ ჰუმანიტარული კავშირები არ გაგვიწყვეტია. რუსული თეატრები რეგულარულად დგამენ სპექტაკლებს ქართველი რეჟისორების და მსახიობების მონაწილეობით, ჩვენი კულტურის მოღვაწეები საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობენ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ჩვენთვის ამ საკითხში არანაირი პრობლემა არ არსებობს. მთავარია, რომ გვესმოდეს ის კონტექსტი, რომელშიც ეს ხორციელდება“.

„ჩვენი ქართველი მეზობლები ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სწრაფვაზე საუბრობენ, მაგრამ ადასტურებენ, რომ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად განიხილავენ“, – განაცხადა მან.

„ალბათ, ასეთი რიტორიკა არც თუ ისე უწყობს ხელს დიალოგის დაწყებას წინაპირობების გარეშე. გავიმეორებ, ხალხთა შორის ურთიერთობების პრაქტიკულ სფეროებში, ეკონომიკაში ჩვენთვის დახურული თემები არ არსებობს“, – განაცხადა ლავროვმა.

1 ნოემბერს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი დანიშნა.

„მათ [რუსეთის ხელისუფლებას] აქვთ გარკვეული წითელი ხაზები, რომლის გადალახვას ისინი არ აპირებენ, მათ არაერთხელ დაადასტურეს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უარყოფას ისინი არ აპირებენ; ჩვენც გვაქვს ასეთი წითელი ხაზები“, – განაცხადა აბაშიძემ 1 ნოემბერს და დასძინა, რომ ეს „წითელი ხაზებია“ საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და მისი თავისუფლება აირჩიოს ალიანსები ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით.  

„მაგრამ სანამ ამ წითელ ხაზებამდე მივალთ, ჩვენი ხედვა ასეთია, რომ არსებობს სხვა პრობლემები, სადაც ჩვენ საერთო შეხების წერტილები შეიძლება ვიპოვოთ და ისინი ნაბიჯ–ნაბიჯ მოვაგვაროთ, თუნდაც სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები, კულტურული ურთიერთობები, ჰუმანიტარული კავშირები და ა.შ.“, – განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 ნოემბერს, ორ დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ აბაშიძე თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა, განაცხადა, რომ მოსკოვი თბილისისგან „კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯების “ გადადგმას ელის.

ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა სინანული იმის გამო, რომ რუსეთმა არ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე „ძალიან ღირსეული“ გადაწყვეტილების „შესატყვისი“ იქნებოდა.

„მე მგონი, რუსეთი ცოტა უფრო გვიან კარგად გააანალიზებს [გადაწყვეტილებას სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე]“, – განაცხადაივანიშვილმა 22 ნოემბერს.

„ის პასუხი, რაც იყო, რომ უფრო კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას – წარმოუდგენელია, რა შეიძლება გავაკეთო კიდე და ველოდები, იქნებ რაღაც გადაწყვეტილება შეიცვალოს და რაღაც ნაბიჯები გადაიდგას რუსეთის მხრიდანაც“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version