ივანიშვილი ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფების მინიმუმ 10%-ით შემცირებას პროგნოზირებს

ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფები მინიმუმ 10%-ით შეიძლება შემცირდეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 28 ნოემბერს.

„მე უკვე ძალიან ბევრი ვიმუშავე [ტარიფების თემაზე] და მე მგონი, რომ განახევრება არ მოხერხდება, მაგრამ 10%-ით შემცირდება მაინც და შეიძლება მეტითაც“, – განუცხადა მან მთავრობის დღევანელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ შემცირება ახალ წლამდე ვერ მოხერხდება

“ახალი წლიდან ან უფრო გვიან, უფრო ადრე ტექნიკურადაც არ მოხერხდება”, – აღნიშნა მან.

კოალიცია „ქართული ოცნება“ თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ისევე როგორც სამთავრობო პროგრამაში ტარიფების კლებას პირდებოდა.

„ჩვენ პროგრამაში არ გვეწერა ტარიფების განახევრების შესახებ, თუმცა ცალკეულ საუბრებში ამაზე ვსაუბრობდით და მათ რიცხვში მეც, შეიძლება გადაჭარბებულადაც“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ასევე განაცხადა 28 ნოემბერს, რომ ახალი ხელისუფლება ტარიფების დაწევაზე აქტიურად მუშაობს და „ძალიან მალე ყველაფერი გახდება ცნობილი“.

ელექტროენერგიასა და გაზზე თბილისისა და რეგიონების მოსახლეობისთვის განსხვავებულ ტარიფებია დაწესებული. ჯერ-ჯერობით უცნობია ეს დიფერენცირება ძალაში დარჩება, თუ ქვეყნის მასშტაბით ტარიფების უნიფიცირება მოხდება. ტარიფებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს.  

1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში დედაქალაქის მოსახლეობა 50.62 თეთრს იხდის, ხოლო რეგიონებში ტარიფის ოდენობა 49-დან 55 თეთრამდე მერყეობს. ამ ნიშნულამდე გაზის ტარიფი 2007 წლის მაისიდან გაიზარდა.

ელექტროენერგიაზე საქართველოში სამსაფეხურიანი სატარიფო სისტემა მოქმედებს. 2006 წლის ივნისიდან თბილისის ის მაცხოვრებლები, ვინც 100 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე ნაკლებს მოიხმარს 13.48 თეთრს იხდის; 101 კვტ-დან 300 კვტ-ის ჩათვლით  – 16 თეთრს, ხოლო 301 კვტ–ს ზევით– 17.69 თეთრს. რეგიონების მოსახლეობა ამავე მოხმარების პრინციპით 12.98 თეთრს, 16.52 და 17,49 თეთრს იხდის. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version