ივანიშვილის თქმით, ღაზას სექტორში ძალადობის ესკალაცია აღარ უნდა გაგრძელდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ღაზას სექტორში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება სწრაფად უნდა განიმუხტოს, რათა აღარ გაგრძელდეს ძალადობის ესკალაცია, რაც რეგიონში არცერთ მონაწილე მხარეს არ აწყობს.

პრემიერ-მინისტრმა დღეს საქართველოში ისრაელის ელჩთან, იუვალ ფუქსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს სახელით "ღრმა მწუხარება გამოხატა ისრაელის და პალესტინის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით".

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს სიტუაციის განმუხტვა, რათა აღარ გაგრძელდეს ძალადობის ესკალაცია და რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს მშვიდობიანი პროცესები“, – განაცხადა ივანიშვილმა, „ისრაელს, ისევე როგორც ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს, უფლება აქვს დაიცვას საკუთარი მოქალაქეები სარაკეტო დაბომბვისაგან“.

„იმისათვის, რომ ორ სახელმწიფოს ისრაელსა და პალესტინას შეეძლოს მშვიდობიანი თანაარსებობა, სწრაფად უნდა მოხდეს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების შეწყვეტა და უნდა აღსდგეს მშვიდობა ორ სახელმწიფოს შორის“, – განაცხადა მან, „იმისათვის, რომ დაიწყოს სამშვიდობო პროცესი უნდა შეწყდეს ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა, რამეთუ არცერთ მხარეს, არცერთ მონაწილეს რეგიონში არ აწყობს დღევანდელი სიტუციის შენარჩუნება. ეს არავისთვის არ იქნება სასარგებლო“.

ისრაელის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს „ამ სიტუაციაში გაგებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა 20 ნოემბერს შეშფოთება გამოხატა ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად პალესტინელი სამოქალაქო პირების, მათ შორის ბავშვების, დაღუპვის გამო. ადგილზე მყოფი გაეროს წარმომადგენლების მონაცემების თანახმად 20 ნოემბრის დილისთვის სულ ცოტა 57 სამოქალაქო პირი იყო მოკლული, მათ შორის 18 ბავშვი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version