შსს–ს რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის მაღალჩინოსნებიც, ხუთშაბათს გამთენიისას პროკურატურაში ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ დააკავეს.

ინფორმაცია დაკავებულთა რაოდენობის შესახებ განსხვავებულია, თუმცა როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ცხრა თანამშრომელი იქნა დაკავებული.

პროკურატურას საქმის დეტალებზე ინფორმაცია ჯერ არ გამოუქვეყნებია.

დაკავებულთა შორის ყველაზე მაღალი რანგის თანამშრომელია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ლევან ქარდავა.

ქარდავა ამ პოსტზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2012 წლის ივლისში ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა.

ამჟამად, ახალაია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალი წაუყენეს წამების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. 

ქარდავას საქმე არ უკავშირდება იმ საქმეს, რომელზეც ახალაია იქნა დაპატიმრებული, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც საქმის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

ქარდავას ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი თავისუფლების შესაძლო უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით იქნა დაკავებული. საქმე ეხება პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი დაცვის წევრის სავარაუდო გატაცებას, რომელიც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაუჩინარდა. მოგვიანებით მისი ვიდეო გზავნილი გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ იგი „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენლის ფარულად ჩაწერილ აუდიო მასალას გაასაჯაროვებს.

დაკავებულებს შორის არის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ–ერთი განყოფილების უფროსი გიორგი ყავლაშვილი. მისი ადვოკატის თქმით, ყავლაშვილი განბაჟების დროს „ქართუ ჯგუფის“ ქონების დაზიანების საქმესთან დაკავშირებით იქნა დაკავებული. დეტალები უცნობია, თუმცა მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკაში წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, „ქართუ ჯგუფი“ ხშირად აცხადებდა, რომ ხელისუფლების მიერ „ქართუ ჯგუფში“ შემავალი კომპანიების მიერ შემოტანილი სხვადასხვა მოწყობილობების ‘განზრახ დაზიანება’ ხდებოდა განბაჟების დროს.     

შსს–ს ერთ–ერთი თანამშრომელი, მისი ადვოკატის თქმით, სავარაუდო "უკანონო მოსმენების" გამო იქნა დაკავებული. 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა 15 ნოემბერს დილით, რომ შსს–ს რამდენიმე თანამშრომლის დაკავება კიბერდანაშაულს უკავშირდება. მისი თქმით, „მათ გამოიყენეს ახალი ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელები იმისთვის, რომ ადამიანთა პირადი ცხროვრება, მათ შორის კომერციული და ფინანსური ინფორმაცია გაეტანათ“.  მან დეტალებზე არ ისაუბრა. არჩევნებამდე ივანიშვილის გუნდმა ხელისუფლება კიბერშეტევის გზით უკანონო თვალთვალში დაადანაშაულა.

დაკავებულებს ბრალი ჯერ არ წაყენებიათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version