ფანჯიკიძე: ივანიშვილი ნატოს ყოფილი ჩინოვნიკების საქმეების გამოძიებაზე მონიტორინგს შესთავაზებს

პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შესთავაზებს ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს საქართველოში გამოაგზავნოს ჯგუფი, რომელიც ყოფილი თავდაცვის მინისტრის და ორი სამხედრო მეთაურის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას გაუწევს მონიტორინგს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 12 ნოემბერს.

ფანჯიკიძემ, რომელიც პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს ბრიუსელში ვიზიტის დროს ახლავს, ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა 12 ნოემბერს პრაღაში, რომ იგი „უკიდურესად შეშფოთებულია“ ბოლო დროს საქართველოს ახალი მთავრობის „პოლიტიკური ოპონენტების“ დაკავებების გამო.

“ჩვენ გვექნება შეხვედრა ზეგ, ჩვენ ვუპასუხებთ ყველა კითხვას. და ყველაფერი, რაც იქნება ამ პროცესის ირგვლივ, იქნება გამჭირვალე. ეს არის ის გზავნილი, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა დღეს და მან ისიც კი თქვა, რომ ჩვენ მზად ვართ, თუკი ნატოს აქვს მსგავსი პრაქტიკა, დააკვირდეს ასეთ მოვლენებს უფრო ახლოდან, გამოგზავნოს ჯგუფი მონიტორინგის, რომელიც შეისწავლის როგორ მიმდინარეობს გამოძიება და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა  ბრიუსელიდან „მეცხრე არხთან“ ინტერვიუში 12 ნოემბერს გვიან საღამოს განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების რეალური შანსი მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა.

მან ასევე განაცხადა, რომ ნატოს გენერალური მდივნის განცხადება „ნორმალური და კარგი“ იყო.

ივანიშვილის თქმით, საქართველოში არ იქნება შერჩევითი სამართალი. „ამაში მე დავარწმუნებ ბატონ რასმუსენს შეხვედრის დროს“ 14 ნოემბერს, განაცხადა მან. „იმასაც კი შევთავაზებ, რომ ჩვენ ერთად უნდა გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა და ნატოსაც შეუძლია სამუშაო ჯგუფი შექმნას და დაგვეხმაროს იმაში, რაც ხდება დღეს ქართულ ჯარში და რასაც ცდილობენ ყოფილი ხელისუფალნი, რომ ეს წარმოაჩინონ ანგარიშსწორებად ან არასწორ სამართლად“.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თავისთავად „აღმაშფოთებელია“ ის ფაქტი, რომ პროკურატურა იძულებული გახდა დაეკავებინა გაერთიანებული შტაბის უფროსი და „ეს, რა თქმა უნდა, სირცხვილია ქვეყნის“.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version