ნაციონალური მოძრაობა დაკავებებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმებას აპროტესტებს

დეპუტატებმა პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობიდან, რომლებიც პარლამენტში უმცირესობას წარმოადგენენ, განაცხადეს, რომ ისინი დროებით წყვეტენ საკანონდებლო ორგანოში მიმდინარე განხილვებში მონაწილეობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მომავალი წლის ბიუჯეტი, ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას და შეიარაღებული ძალების კიდევ ორი მაღალჩინოსნის დაკავების და ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე საგადასახადო შემოწმების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, რომელთაც 7 ნოემბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად სულ სხვა მიზეზით დატოვეს, განაცხადეს, რომ ამგვარი სიტუაცია საფრთხეს უქმნის ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას. სხდომიდან საპარლამენტო უმცირესობის დემარში განაპირობა იუსტიციის საბჭოს წევრად მათი კანდიდატურის, ყოფილი გენერალური აუდიტორის და დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის კენჭისყრაზე ჩავარდნამ.

„ჩვენ უახლოესი დღეების განმავლობაში ვერ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში; ვერ ვიქნებით ისე, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი მიდის ნორმალურად და დემოკრატიულად და მთელი ჩვენი ინტერესის მიუხედავად მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ხვალ რუტინულ რეჟიმში ვერ ვესაუბრებით ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ბიუჯეტში განსახორციელებელი პროგრამების შესახებ მაშინ, როდესაც ბევრად მეტი რამ არის დაყენებული რისკის ქვეშ“, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ახალ ხელისუფლებას სურს საზოგადოებრივ მაუწყებელზე საგადასახადო შემოწმების საბაბით ზეწოლა მოახდინოს, რისი საბოლოო მიზანიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის დამყარებაა.

ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ პოლიტიკური შურისძიება „ქართული ოცნების“ კამპანიის ნაწილი იყო. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ასევე განაცხადეს, რომ ახალ მთავრობას სურს მისდამი ლოიალურად განწყობილი გენშტაბის უფროსი დანიშნოს და ამის გამო გამოგონილი ბრალდებით დააკავეს ამჟამინდელი გენშტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე.

7 ნოემბერს თავის სატელევიზიო განცხადებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის „შეშფოთებულია“ ახალი მთავრობის ბოლო დროინდელი ქმედებებით, რაც უკავშირდება შეიარაღებულ ძალების მაღალჩინოსანთა დაკავებას და საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსური შემოწმების დაწყებას.

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა ნაციონალურ მოძრაობას წინასწარ ნუ  განსჯიან ახალაიას და კიდევ ორი მაღაჩინოსნის დაკავების გარშემო მიმდინარე მოვლენებს. მისი თქმით, მეტი მტკიცებულებები გაჩნდება, მათ შორის ჯარისკაცების დამცირების შესახებ ვიდეო ჩანაწერები.

„მოწმეებია უამრავი და ნახავთ თქვენ ამ კადრებს და ინფორმაციას გაიგებთ, როგორ ცემდნენ ჯარისკაცებს“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

„მათ [ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა] იციან მშვენივრად, რომ უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი მათ, ვინც დააკავეს. თუმცა, სანამ სასამართლო არ დაადგენს, უდანაშაულობის პრეზუმპცია უნდა იყოს ქვეყანაში და წინასწარ ნუ გამოვაცხადებთ მათ დამნაშავეებად“, – განაცხადა ივანიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version