ივანიშვილის თქმით, მინისტრობის დარჩენილი კანდიდატურების შერჩევა „გაურთულდა“

“ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამ დრომდე დაუსახელებელი მინისტრების კანდიდატების შერჩევა მას „გაურთულდა“.

8 ოქტომბერს ივანიშვილმა ახალი მთავრობის 20 მინისტრობის კანდიდატიდან ცამეტის ვინაობა დაასახელა.

მას შემდეგ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გრძელდება კონსულტაციები დარჩენილი მინისტრობის კანდიდატების შესარჩევად, მათ შორის განათლების მინისტრის, ფინანსთა მინისტრის, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, გარემოს დაცვის მინისტრის, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებზე – ეს ბოლო თანამდებლობა, სავარაუდოდ, ივანიშვილის მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში გაუქმდება.

13 ოქტომბერს ივანიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ შესაძლოა მინისტრობის რამდენიმე კანდიდატი მან ორშაბათს დაასახელოს, რის შემდეგაც კიდევ რამდენიმე დღე იქნება საჭირო მინისტრთა მთლიანი კაბინეტის წარსადგენად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version