ევროპაში აშშ–ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი ივანიშვილს შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო, რომელსაც ორი ბატალიონი ჰყავს განთავსებული ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში, აუცილებლად განაგრძობს აშშ–თან თანამშრომლობას ავღანეთში.

მან ეს განცხადება 5 ოქტომბერს გააკეთა მას შემდეგ, რაც ევროპაში აშშ–ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალს, გენერალ–ლეიტენანტ ჯონ პაქსტონს შეხვდა.

„საქართველო იყო და არის ძალზედ ღირებული და საიმედო პარტნიორი მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ავღანეთში, კერძოდ ჰელმანდის პროვინციაში და ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა, მათ შორის სერჟანტთა მომზადების, ოფიცერთა კვალიფიკაციის [ამაღლების] კუთხით, ვმუშაობთ ჩვენს შორის უსაფრთხოების დარგში გაღრმავებული თანამშრომლობის მიმართულებით“, –  განაცხადა ევროპაში აშშ–ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალმა, გენერალ–ლეიტენანტმა ჯონ პაქსტონმა.

„ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ბატონ ივანიშვილს მივულოცოთ და ხელისუფლების უმტკივნეულო გადაცემა ვუსურვოთ. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდითაა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ის მოუთმენლად ელის არა მხოლოდ სამუშაო ურთიერთობას ავღანეთში, არამედ შემდგომ კარგ ურთიერთობას მომდევნო წლებში“.

„წელს მქონდა პირველად საშუალება, რომ პირველი შეხვედრა მქონოდა ამერიკელ სამხედროებთან, რომლებმაც უდიდესი დახმარება გაუწიეს ქართულ ჯარს ჩამოყალიბებაში, გადაწყობაში ნატოს სტანდარტებზე“, – განაცხადა ივანიშვილმა, „მეც მქონდა ინფორმაცია და ძალიან გამიხარდა, რომ ქართველებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნატოს შენაერთებში და ამერიკელებთან ერთად ძალიან ხშირად რთულ პოზიციებზე  ერთად მოიხსენიებიან“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ [გავაგრძელოთ] ჩვენი პარტნიორობა ავღანეთში და ასეთ ცხელ წერტილებში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველო „უმცროსი მეგობრის რეალურ როლს“ ასრულებს და „მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ ასეთ თანამშრომლობას“.

5 ოქტომბერს ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს გენერალ-ლეიტენანტ დევი ჭანკოტაძეს შეხვდა.

„შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის სამხედრო სფეროში მიმდინარე გაღრმავებულ თანამშრომლობაზე. გაერთიანებული შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-სთან იგივე კურსით გააგრძელებს სამხედრო სფეროში თანამშრომლობას, აშშ მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისა და ნატო-სთან თავსებადობის პროცესში“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, „გაერთიანებული შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ალიანსთან და აშშ-სთან ISAF-ის შემდგომ პერიოდშიც გააგრძელოს თანამშრომლობა“.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი ასევე ესტუმრა კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს  და ქართველი სამხედროების წვრთნებს დაესწრო, რომლებიც ავღანეთის ISAF-ის მისიისთვის გადიან მომზადებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version