„ქართული ოცნებისთვის“ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეთავაზებული დებატების ფორმატი მიუღებელია

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაგეგმილი პოლიტიკური დებატების ფორმატი არის „სიცრუე“ და „ქართული ოცნება“ ამის მონაწილე არ იქნება, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 30 აგვისტოს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტიკურ დებატებზე ოთხი საარჩევნო სუბიექტის: ნაციონალური მოძრაობის, კოალიცია "ქართულ ოცნების“, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა (ქდმ) და ლეიბორისტული პარტიის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატები 9 სექტემბრისთვის, ხოლო საარჩევნო სიების ლიდერი პოლიტიკოსები 18 სექტემბრისთვის მიიწვია და განაცხადა, რომ მათგან პასუხს ამ შეთავაზებაზე 4 სექტემბრამდე დაელოდება.

ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც კოალიციის პრემიერ–მინისრობის კანდიდატია, ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე მისი პოზიცია კიდევ ერთხელ გაიმეორა და განაცხადა, რომ მისი კოალიცია დებატებში არ შევა „ფსევდო–ოპოზიციურ“ პარტიებთან, მხედველობაში ჰყავდა რა ამ შემთხვევაში ქდმ და ლეიბორისტები.

„ეს ფორმატია სიცრუე და სიცრუეში ჩვენ არ წავალთ“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, „ეს ხომ სიცრუეა, რომ ქდმ წარმოდგება იქ ვიღაც ოპოზიციურ პარტიად, ეს კუდია სააკაშვილის ჩვეულებრივი, ნაციონალური მოძრაობის გაგრძელება, ისევე როგორც ლეიბორისტული [პარტია] და ისევე როგორც ახალი მემარჯვენეები. ეს არის ერთი ძალა, ერთი გუნდიდან, ერთი ჯიბიდან ფინანსდება“.

„თვალთმაქცობას ჩვენ ხელს არ შევუწყობთ“, – განაგრძო მან, „გააკეთოს პირველმა არხმა ნორმალური დებატები, თუ შესწევს ძალა, თუმცაღა ვინ ეკითხება მათ, ზემოდან უგეგმავენ“. 
 
მან გაიმეორა, რომ სურს პირისპირ დებატების გამართვა პრეზიდენტ სააკაშვილთან, რომელიც იმავდროულად მმართველი პარტიის თავმჯდომარეა; ალტერნატივის სახით მან ასევე შესთავაზა, რომ მზადაა დებატებში მონაწილეობისთვის პრემიერ–მინისტრ ვანო მერაბიშვილთან და მმართველი პარტიისა და მთავრობის სხვა ლიდერებთან ერთობლივად.

ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე განაცხადა თანხმობა საზოგადოებრივი მაუწყებლის შეთავაზებაზე და აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილი, რომელიც მმართველი პარტიის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი იქნება 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დებატებში მონაწილეობას მიიღებს.

კონსტიტუციის თანახმად, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მთავრობა და პრემიერ–მინისტრი უნდა გადადგნენ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის ახალი ან არსებული შემადგენლობა უნდა წარუდგინოს პარლამენტს ნდობის მოსაპოვებლად. პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უცვლელი რჩება; პრემიერ–მინისტრის როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ის ქვეყნის ლიდერი გახდება მას შემდეგ, რაც 2013 წლის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში. ამასთან, 2013 წელს ახალ პრემიერ–მინისტრს ის პარტია წარადგენს, რომელიც პირველ ადგილს აიღებს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version