ივანიშვილი: „ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგებთ არჩევნებს“

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტყიბულში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისმა საარჩევნო ბლოკმა „დიდი უპირატესობით“ უნდა მოიგოს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. 

„აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოსახლეობის მათ [ხელისუფლებას] ვეღარ იტანს. რაც შეგპირდით, ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგებთ არჩევნებს; გავიმარჯვებთ; დიდი უპირატესობა გვინდა; არცერთი ხმა არ დაიკარგოს –  ყველანი აუცილებლად მოდით არჩევნებზე. ჩვენ დიდი უპირატესობით უნდა მოვიგოთ, რომ გავაფორმოთ [გამარჯვება], 2, 3 და 5 პროცენტი [უპირატესობა] არ გვეყოფა“, – განუცხადა ივანიშვილმა 28 აგვისტოს ტყიბულში გამოსვლისას მხარდამჭერებს.

კამპანიის კიდევ ერთ შეხვედრაზე, რომელიც იმავე დღეს იმერეთის კიდევ ერთ რაიონში, თერჯოლაში გაიმართა, ივანიშვილმა განაცხადა, რომ 20 წელია საჭირო საზოგადოების მენტალურად გასაზრდელად, რათა საქართველოში რეალურად ევროპული ტიპის დემოკრატია დამყარდეს.

„ქართველები გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი არიან. ასწლეულები მოანდომეს ევროპის ქვეყნებმა ნორმალურ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული დემოკრატიული ქვეყნების აშენებას; ჩვენ მოვახერხებთ და ევროპის მსგავს ქვეყანას რამდენიმე, ორ ათეულ წელიწადში შეიძლება ავაშენოთ. არ შეგეშინდეთ, დემოკრატიული ქვეყანა და ორი ათეული წელიწადი ეს ბევრი არ არის; სამუშაო ადგილები ადრე შეიქმნება გაცილებით… მე მხედველობაში მაქვს, რომ ყველა კუთხე–კუნჭულში, ყველა სოფელში მენტალურად გადაიზარდოს საზოგადოება  და ჩვენ მივიღოთ ევროპის ტიპის საზოგადოება; ეს შესაძლებელია და დარჩენილი ჩემი ცხოვრება აი აქ, ხალხის სამსახურში მინდა ჩავდგე, რომ ჩამოყალიბდეს, რეალური ევროპის ტიპის სამოქალაქო საზოგადოება… ჩვენ გვაქვს ყველაფერი შანსი იმისი, გვაქვს ნიჭი იმისა, რომ ის, რასაც ასწლეულები მოანდომეს ევროპელებმა, ჩვენ შეიძლება ეს ორ ათეულ წელიწადში გავაკეთოთ“, – განუცხადა მან თერჯოლაში მხარდამჭერებს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version