ნაციონალური მოძრაობის თქმით, მერაბიშვილი და ბაქრაძე ძირითად ოპონენტებს დებატებში იწვევენ

ნაციონალურმა მოძრაობამ ძირითად პოლიტიკურ ძალებს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების და საპარლამენტო სიის პირველ ნომრების მონაწილეობით ტელედებატები შესთავაზა.

რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა 20 აგვისტოს ამ ინიციატივით გამოვიდოდა, ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა და პრემიერობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტი სააკაშვილი გამოიწვია დებატებში და იქვე დაამატა, რომ თუ სააკაშვილი უარს იტყვის ამ შეთავაზებაზე, ის მზადაა მმართველი გუნდის 5–7 წარმომადგენელთან გამართოს დებატები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოპონენტებს სატელევიზიო დებატებში იწვევს ჩვენი მიზანია გავიმარჯვოთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. სატელევიზიო დებატებს ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სატელევიზიო დებატებში იწვევს ძირითადი პოლიტიკური ძალების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს და საპარლამენტო სიის პირველ ნომრებს“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
 
„შესაბამისად, ჩვენი ორივე პოლიტიკური ლიდერი, ბატონი ვანო მერაბიშვილი და ბატონი დავით ბაქრაძე მზად არიან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად“, – აღნიშნა მან. 

მან Сivil.ge-ს შეკითხვას განიხილება თუ არა მმართველი პარტიის მიერ ვანო მერაბიშვილი პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად მაშინაც, როცა 2013 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის მეორე და საბოლოო ვადა იწურება და ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტის უფლებამოსილების ხარჯზე გაძლიერებული პრემიერ–მინისტრის ინსტიტუტით, თაქთაქიშვილმა უპასუხა: „არ ვცემთ პასუხს ამ თემაზე, თუ რა ხდება 2013 წელს“.

„2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრი იქნება ვანო მერაბიშვილი, რომელიც შეძლებს მეტი სარგებელი მოუტანოს ხალხს“, – განაცხადა მან.

თავად პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეა და აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, ყოველთვის თავს იკავებდა პრეზიდენტობის შემდგომ გეგმებზე საუბრისგან და თითქმის ყოველთვის არიდებდა თავს პასუხს, როდესაც ეკითხებოდნენ აპირებდა, თუ არა პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავებას.

კონსტიტუციის თანახმად, 1 ოქტომბერს არჩეულმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი პრემიერ–მინისტრი და მთავრობის შემადგენლობა და მანვე უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება მთავრობის ხელმძღვანელი 2013 წელს მას შემდეგ, რაც ახლადარჩეული შემდგომი პრეზიდენტი დადებს ფიცს.

ივლისში პრემიერ–მინისტრად დამტკიცების შემდეგ ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში კითხვაზე ეცდება თუ არა ის პრემიერ–მინისტრად დარჩენას 2012 წლის არჩევნების შემდეგ და აქვს თუ არა მას პირველი პირის ამბიცია, მერაბიშვილმა უპასუხა: „საქართველოს პრეზიდენტმა მე დამავალა გამეკეთებინა მთავრობის მოქმედების ოთხწლიანი გეგმა. და ეს გეგმა შედგენილია და ჩვენ უკვე დავიწყეთ მისი განხორციელდება“.

„რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება არის ქართველ ხალხზე; თუ ქართველ ხალხს სურს ამ გეგმის გაგრძელება ან არ სურს, საბოლოო ჯამში, ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი“, – განაცხადა მერაბიშვილმა, „მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს იმ არჩევანს, რაც უნდა გააკეთოს და მხარს დაუჭერს იმ გეგმას, რომელიც ჩვენს მიერაა შემუშავებული“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version