ბაქრაძე ნაციონალური მოძრაობის პარტიულ სიას ჩაუდგება სათავეში

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება, განაცხადა მმართველი პარტიის პრესსპიკერმა, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა 20 აგვისტოს.

მმართველ პარტიას, ისევე როგორც სხვა პარტიებს, ჯერ არ გამოუქვეყნებიათ იმ დეპუტატობის კანდიდატების სრული სიები, რომლებიც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიული სიით მიიღებენ მონაწილეობას.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების წარდგენის ვადა 1 სექტემბერს იწურება.

ბაქრაძე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც უძღვებოდა ნაციონალური მოძრაობის პარტიულ სიას, რის შემდეგაც იგი პარლამენტის თავმჯდომარე გახდა.

2008 წელს ბაქრაძე მას შემდეგ შეირჩა მმართველი პარტიის სიის პირველ ნომრად, რაც მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოულოდნელად უარი თქვა სათავეში ჩადგომოდა ნაციონალური მოძრაობის პარტიულ სიას.

პარლამენტის 150 წევრიდან 73 ირჩევა მაჟორიტარული წესით ერთმანდატიან ოლქებში, ხოლო დანარჩენი 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version