ივანიშვილი ჟურნალისტებს: „ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული თქვენს პოზიციაზე“

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც, მისი თქმით ემსახურებიან „იმ სიცრუეს, რომელსაც ნერგავს“ პრეზიდენტი სააკაშვილი, არ „დაექვემდებარონ ძალადობას“ და „დაბრუნდნენ საზოგადოებაში“.   

„ძალიან ცოტა დრო დარჩა“, – განაცხადა ივანიშვილმა 6 აგვისტოს ფოთში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე. „ჩვენ აუცილებლად გავისტუმრებთ ამათ 1 ოქტომბერს, აუცილებლად მოვა ახალი ხელისუფლება, ძალიან ცოტა დრო დაგრჩათ თქვენ [ჟურნალისტებს] იმისათვის, რომ თქვენ საზოგადოებას დაუმტკიცოთ, რომ თქვენ წინააღმდეგობას უწევთ ამ სიცრუეს და იმ სიცრუის მექანიზმს, რომელსაც ერთი კაცი ნერგავს“. 

„ჩემი თხოვნა იქნება და საზოგადოების მოთხოვნა იქნება – და ეს მოთხოვნა სანამ მკვეთრად გაჟღერებულა – გთხოვდით, რომ როგორმე პოზიცია შეიცვალოთ, როგორმე გახდით უფრო ობიექტურები, გაუწიეთ წინააღმდეგობა, ნუ ექვემდებარებით ძალადობას. დრო დარჩა ძალიან ცოტა და ნუ მოხდება ის, რომ ჩვენ მოვალთ, გავიმარჯვებთ და თქვენ საზოგადოებაში წევრობა გაგიჭირდებათ, რამდენადაც საზოგადოება ძალიან გაღიზიანებულია ძალიან ბევრ ჟურნალისტზე, უნდა მოახერხოთ და დაბრუნდეთ საზოგადოებაში“. 

„მე ძალიან კარგად მესმის, ძალიან ბევრი ჟურნალისტი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ძალიან დიდ ზეწოლას განიცდის. ჩვენ დაგიდგებით და ორი კვირის შემდეგ უამრავი  დამკვირვებელი შემოვა საქართველოში, გაიმართეთ წელში, არ იცრუოთ, ემსახურეთ სიმართლეს, მხოლოდ ეს არის თქვენი დანიშნულება. ძალიან დიდი როლია ჟურნალისტიკის იცოდეთ. თქვენ რეალურად წარმოადგენთ მეოთხე ხელისუფლებას, დაიბრუნეთ ეს, ნუ ემსახურებით პირველს და მეორეს, ნუ ემსახურებით ერთ კაცს. თქვენ თვითონ ხართ ხელისუფლება, დაიბრუნეთ თქვენი ძალაუფლება და მოემსახურეთ საკუთარ საზოგადოებას. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული თქვენს პოზიციაზე“, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version