ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში ნაღმის აფეთქების შედეგად მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა

კაპრალი გივი ფანცულაია, რომელიც ექვსი თვის წინ ავღანეთში დაიჭრა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 28 ივლისს.

საქართველომ უკვე მე–17 სამხედრო დაკარგა მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ნატოს ISAF-ის მისიას შეუერთდა.

კაპრალი გივი ფანცულაია ავღანეთში მოწინააღმდეგის მიერ ნაღმმტყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად 2012 წლის იანვარში დაიჭრა. მას ამერიკული მხარის მიერ ადგილზევე ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება, შემდეგ კი გერმანიაში იქნა გადაყვანილი, ამერიკის სამხედრო ჰოსპიტალში. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარტის დასაწყისში ფანცულაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში იქნა გადმოყვანილი.

თავდაცვის სამინისტროს განცხადება სხვა დეტალებს არ შეიცავს, თუმცა ქართული მედია საშუალებების  ინფორმაციით, კაპრალი ფანცულაია იმავე ინციდენტის დროს დაიჭრა, რა დროსაც მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის კაპრალი შალვა ფაილოძე დაიღუპა ჰელმანდის პროვინციაში იანვრის დასაწყისში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version