ივანიშვილმა ქვემო ქართლის მაჟორიტარული ოლქების კანდიდატები წარადგინა

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 9 ივლისს ქვემო ქართლის შვიდი საარჩევნო ოლქიდან, ექვსში დაასახელა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.

ქალაქ რუსთავში კენჭს კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური იყრის; გარდაბანში წარდგენილია ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე; წალკაში – აიკ მელტონიანი, 2004–2008 წლებში პარლამენტის მაჟორიტარი წევრი მრეწველთა პარტიიდან;  დმანისში – პაატა ხიზანიშვილი, „ბანკი ქართუს“ ერთ–ერთი განყოფილების უფროსი; ბოლნისში – დარეჯან ხვისტანი–ჩხეტიანი, ექიმი; და თეთრიწყაროში – მამუკა აბულაძე.

კოალიციას ჯერ–ჯერობით თავისი კანდიდატი არ დაუსახელებია მარნეულის ერთმანდატიან ოლქში.

კანდიდატები ბიძინა ივანიშვილმა წალკაში კოალიციის ოფისის პრეზენტაციის ფარგლებში დაასახელა.

გასულ კვირას მან წალკა, სადაც ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები ცხოვრობენ, ახალქალაქთან ერთად მხარდაჭერის თვალსაზრისით კოალიციისთვის პრობლემურ ადგილად დაასახელა. თუმცა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლში „სიტუაცია ძალიან კარგად ვითარდება“.

6 ივლისს ყოფილ და მოქმედ სპორტსმენებთან შეხვედრაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა რეგიონების უმეტესობაში 60–დან 90%–მდეა.

მისი თქმით, ეს მაჩვენებლები იმ მონაცემებს ეყრდნობა, რომელიც ქართული ოცნების „კარდაკარის“ კამპანიის შედეგად იქნა მოპოვებული. 

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამომრჩევლები გულწრფელად გამოხატავენ თავიანთ პოლიტიკურ სიმპატიებს „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან, მაგრამ ეშინიათ ამის გაკეთება კვლევების დროს იმ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობენ „ობიექტურ ხალხად წარმოადგინონ თავი“.  

„კვლევებზე, ძალიან ხშირად, შეშინებული ხალხი მალავს, რომ ჩვენი მხარდამჭერები არიან, მაგრამ როდესაც ჩვენი მაისურებით მიდიან, არ ეშინიათ და ამბობენ აშკარად. მე ვფიქრობ, კვლევების ყველაზე ობიექტური ნაწილი ეს არის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ამ კვლევებით თუ შევხედავთ – კვლევებს თუ დავარქმვემთ ამას, რასაც ჩვენ კარდაკარ ვატარებთ – 90%–ს ვაჭარბებთ ძალიან ბევრ რეგიონში… სიტუაცია რეალურად გარდატეხილია, შიში ხალხს გაუქრა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ სამეგრელოს რეგიონში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 60%–ს აჭარბებს.

როდესაც 9 ივლისს ჰკითხეს ჰქონდა თუ არა მას ამომრჩეველთა 90%–იანი მხარდაჭერის მოლოდინი არჩევნებში, რაზეც მან 6 ივლისს ისაუბრა, ივანიშვილმა უპასუხა ჟურნალისტებს: „რაც შეეხება კარდაკარს, დიახ, ჩვენ ველოდებით ასეთ შედეგებს“.

თუმცა, მან შემდეგ დასძინა, რომ „ერთადერთი, რამაც შეიძლება შეუშალოს ხელი“, არის მისი მხარდამჭერების დაშინება ხელისუფლების მიერ.

„ყველაფერი იქნება ისე, როგორც დავგეგმეთ. ხმებსაც მივიღებთ იმდენს, რამდენიც მოგახსენეთ და მივიღებთ აუცილებლად. მათ [ხელისუფლებას] უნდა ძალით ათქმევინონ ხალხს უარი არჩევნებზე მოსვლაზე… არაფერი არ გამოუვათ და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ქართველ ხალხს სურს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version