ივანიშვილი საარჩევნო კამპანიას 27 მაისს თავისუფლების მოედანზე აქციით იწყებს


კადრი ივანიშვილის ვიდეო გზავნილიდან, რომელიც 8 მაისს გავრცელდა. 

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავის მხარდამჭერებს ვიდეო გზავნილით 27 მაისს თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის კამპანიის ოფიციალური დაწყების ნიშნად.

„მე, ბიძინა ივანიშვილი, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, 27 მაისს, დღის 3 საათზე გელოდებით აქ, თავისუფლების მოედანზე, ერთად დავიწყოთ ჩვენი სამშობლოს გაერთიანების პროცესი და ყველამ ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება“, – აცხადებს ივანიშვილი 20–წამიან ვიდეო გზავნილში.

ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ 27 აპრილს განაცხადა, რომ 26–27 მაისს ხალხმრავალი აქციის გამართვას გეგმავს. „ქართულ ოცნებას“ თავდაპირველად აქციის გამართვა 26 მაისს სურდა, თუმცა დედაქალაქის ცენტრში ამ დღეს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვა ღონისძიებებია დაგეგმილი და თბილისის მერიამ „ქართულ ოცნებას“ აქციის გამართვა 27 მაისს შესთავაზა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version