მედვედევი: აგვისტოს ომმა საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეაჩერა


რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სამხრეთ სამხედრო ოლქის 58–ე არმიის შტაბში, ვლადიკავკაზში, 21 ნოემბერს. ფოტო: კრემლი

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ორშაბათს ორჯერ განაცხადა სხვადასხვა ადგილას, რომ 2008 წლის ომმა პოსტ–საბჭოთა სივრცეში ნატოს შემდგომი გაფართოების გეგმები ჩაშალა.

ვლადიკავკაზში რუსეთის 58–ე არმიის შტაბში სამხრეთის სამხედრო ოლქის ოფიცრებთან საუბრისას მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ „მშვიდობის იძულების ოპერაცია“ იყო „აუცილებელი“.

„დრო სწრაფად გადის – უკვე სამ წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მიდგომები და ჩვენი შეფასებები იმ მოვლენების მიმართ არ შეცვლილა. ჩვენ, რა თქმა, უნდა მიგვაჩნია, რომ ჩვენი არმიისთვის აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა გადაერჩინა ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, რათა ის საფრთხე, რომელიც იმ დროს საქართველოს ტერიტორიიდან მოდიოდა, მთლიანად თუ არ აღმოფხვრიდა, შეეკავებინა მაინც“, – განაცხადა მედვედევმა.

„2008 წელს ჩვენ რომ შევმკრთალიყავით, გეოპოლიტიკური მოწყობა ახლა სულ სხვა იქნებოდა და მთელი რიგი ის ქვეყნები, რომელთა ხელოვნურად შეთრევასაც ცდილობდნენ ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსში, უკვე იქ იქნებოდნენ“, – დასძინა მან. 

რუსეთის წარმომადგენელმა ნატოში, დიმიტრი როგოზინმა, რომელიც ასევე ესწრებოდა ოფიცრებთან შეხვედრას, განაცხადა, რომ რუსეთის პასუხი სამხრეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებზე მოულოდნელი აღმოჩნდა ნატოსთვის. 

მედვედევმა უპასუხა: „ისინი მართლაც სულ სხვა პასუხს ელოდნენ“. შემდეგ მან დასძინა, რომ ნატომ ვერ გათვალა მოსკოვის რეაქცია.  

იმავე დღეს მოგვიანებით, მედვედევი დონის როსტოვში რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიური და სამხრეთ ფედერალური ოლქებიდან ჟურნალისტების ჯგუფს შეხვდა. მან შეხვედრა იმით დაიწყო, რომ უთხრა ჟურნალისტებს, რომ მანამდე იგი ვლადიკავკაზში 58–ე არმიის შტაბს სტუმრობდა, რომელიც, მისი თქმით, „განსაკუთრებული ადგილია“ 2008 წლის აგვისტოს ომში შესრულებული როლის გამო.

„დღეს მე უკვე ვუთხარი სამხედროებს და თქვენც გეტყვით, მიმაჩნია, რომ ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული გვერდი იყო ჩვენს უახლოეს ისტორიაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს აბსოლუტურად აუცილებელი იყო. და ის, რომ რუსეთი მაშინ ასე უხეშად მოიქცა, საბოლოო ჯამში ის სიტუაცია მოგვიტანა, როდესაც ჩვენს გარშემო, მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, ახლა უფრო მშვიდი სიტუაციაა, ვიდრე იყო“, – განაცხადა მედვედევმა. 

„ზოგიერთი მეზობელი ჩვენ უბრალოდ დავამშვიდეთ, ვაჩვენეთ რა, რომ სწორედ უნდა მოიქცნენ რუსეთთან მიმართებაშიც და მეზობელ პატარა სახელმწიფოებთან მიმართებაშიც. ხოლო ზოგიერთი ჩვენი პარტნიორისთვის, მათ შორის ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსისთვის, ეს იყო სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდეს გაფართოების შესახებ, გეოპოლიტიკური სტაბილურობის შესახებ უნდა იფიქროს. ამაში ვხედავ ძირითად გაკვეთილებს იმისა, რაც 2008 წელს ხდებოდა“, – დასძინა მედვედევმა.      

Exit mobile version