უშიშროების საბჭოს მდივანი ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა „ტერორისტულმა კამპანიამ“ ჟენევის მოლაპარაკებები ჩიხში ჩააყენა, განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ და დასძინა, რომ ჟენევის პროცესიდან მიღებული მცირე შედეგების მიუხედავად, თბილისი მაინც მისი გაგრძელების მომხრეა.

ბოკერიამ, რომელიც ჟენევის დისკუსიებზე საქართველოს მთავარი მომლაპარაკებელია, განაცხადა, რომ „ძალიან რთულია უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის წარმოება მხარესთან, თუკი მოლაპარაკების პარალელურად მიმდინარეობს ტერორისტული კამპანია“. 

"ამიტომ ჩვენ იმედს გამოვთქვამთ ყველა თვალსაზრისით, რომ ეს კამპანია შეწყდება და აღარ გვექნება იმ ტიპის ინციდენტები, მცდელობები, რასაც ჰქონდა ადგილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში და ამ შემთხვევაში ჟენევის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქშოუში „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“ 12 ივლისს. 

7 ივნისს ჟენევის დისკუსიების მე–16 რაუნდამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ივნისში ტერორისტული აქტის მოწყობის ორი მცდელობა აღკვეთა, რომელთა დამკვეთებიც სეპარატისტულ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მომუშავე რუსი ოფიცრები იყვნენ. საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ "არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმის, რომ ყველა ტერორისტული ქმედების დაგეგმვა და განხორციელება ხდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, ე.წ. FSB-სა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს, ე.წ. „გრუ"-ს წარმომადგენლების მიერ, რომელთა ვინაობაც დადგენილია".

„ჩვენ დაინტერესებული ვართ ჟენევის პროცესის გაგრძელებით, ჩვენ არ გამოვსულვართ ჟენევის პროცესიდან“, – განაცხადა ბოკერიამ. „ის ინტერპრეტაცია თითქოს საქართველო გამოდის, ეს არავის არ უთქვამს. ჩვენ ვთქვით, რომ თუკი ეს კამპანია გაგრძელდება, ეს, ბუნებრივია, საფრთხის ქვეშ დააყენებს ჟენევის პროცესს“.

მან ასევე განაცხადა, რომ „იმედგაცრუება“ ჟენევის დისკუსიებით მისთვის გასაგებია.

„არანაირი ხელშესახები შედეგები ჩვენ არ მიგვიღია. პოზიცია იყო და რჩება, რომ ჯობია იყოს ადგილი, სადაც დისკუსია მიმდინარეობს, სადაც დიალოგი მიმდინარეობს, როგორი დისტანციაც არ უნდა იყოს მხარეებს შორის, ვიდრე არ იყოს ასეთი ადგილი“, – განაცხადა ბოკერიამ.

„გარკვეული ეფექტური მექანიზმების შექმნის მცდელობა იყო ჟენევის პროცესის შედეგად. ეს არის ინციდენტების პრევენციის მექანიზმი. ამის შემდეგ სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ბოიკოტირებას ახდენდა ამ მექანიზმის პერიოდულად და არც იმ ვალდებულებებს არ ასრულებდა, რომელიც ჟენევაში იქნა შეთანხმებული. მაგრამ ეს ყველაფერი ჯობია იმას, ვიდრე ეს არ იყოს“, – განაცხადა მან.

7 ივნისს ჟენევის დისკუსიების მე–16 რაუნდზე მონაწილეები შეთანხმდნენ მე–17 რაუნდი 4 ოქტომბერს გამართონ – ეს ყველაზე გრძელი ინტერვალია, რაც აქამდე ყოფილა რაუნდებს შორის.

Exit mobile version