თურქეთის პრემიერ–მინისტრი საქართველოს სტუმრობს

თურქეთის პრემიერ–მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 31 მაისს ბათუმში ჩავიდა.

თურქეთის პრემიერ–მინისტრმა და პრეზიდენტმა სააკაშვილმა სარფში ორ ქვეყანას შორის მოდერნიზებული სასაზღვრო–გამშვები პუნქტი გახსნეს.

გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრი ერდოღანი მისი "პირადი მეგობარი და საქართველოს მეგობარია“. მან ერდოღანს "სიტყვის კაცი“ უწოდა, რომელმაც შეასრულა  ყველა თავისი დანაპირები, დაწყებული ერთობლივი აეროპორტიდან ბათუმში და ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლით დამთავრებული.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ მნიშვნელოვნად გააღრმავა პოლიტიკური თანამშრომლობა. "ჩვენ შეგვიძლია თურქების იმედი გვქონდეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ყველგან ეს არის სამაგალითო თანამშრომლობა,"– განაცხადა მან.

თურქეთის პრემიერ–მინისტრმა სარფში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "თურქეთი ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით, რადგანაც თურქეთი არა მხოლოდ მეზობელი, არამედ საქართველოს მეგობარიცაა“.

31 მაისს სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გახსნის ცერემონიის ფარგლებში თურქეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის საზღვრის გადაკვეთის პროცედურების შემდგომი გამარტივების შესახებ შეთანხმებას. ერდოღანის თქმით, ორივე ქვეყნის მოქალაქეები მხოლოდ პირადობის მოწმობებით შეძლებენ საზღვრის გადაკვეთას.

თურქეთის პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა სარფში გამართულ ცერემონიაზე, რომ  მოდერნიზებული სასაზღვრო–გამშვები პუნქტი "საზღვრის გადაკვეთას გაამარტივებს ორივე მხრიდან“.

15 მაისს, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი სარფს ეწვია, რათა იმ დროს ჯერ კიდევ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაეთვალიერებინა, მან განაცხადა, რომ საქართველოსთან შედარებით, "თურქებს ბევრად ნაკლები გასასვლელი ექნება, რის გამოც, ალბათ, საცობები მაინც  წარმოიქმნება".

"ამიტომ, ვაპირებ, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც თვის ბოლოს გვესტუმრება, ეს საკითხი დავუყენო. თუ ხალხი მეორე მხარეს თავისუფლად ვერ გაივლის,  მეორე მხარეს ისევ გრძელი რიგი დადგება,“ – განაცხადა სააკაშვილმა 15 მაისს.

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი უცხოური სავაჭრო პარტნიორია, რომელთან სავაჭრო ბრუნვამ 2010 წელს 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

"საქსტატის" ინფორმაციით, თურქეთი 2010 წელს მეექვსე უმსხვილესი ინვესტორი იყო და მისმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 37.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version