ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა


28 მაისს პარლამენტის წინ ხალხი შეიკრიბა, რათა 26 მაისის დარბევის წინააღმდეგ 
პროტესტი გამოეხატათ. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

პარლამენტის წინ დღეს ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლის დროს მომხდარი ძალადობა გაეპროტესტებინათ.

თავდაპირველად, აქციის მონაწილეების შოთა რუსთაველის ძეგლის წინ შეიკრიბნენ, ხოლო შემდეგ პარლამენტის შენობისკენ გამართეს მდუმარე მსვლელობა.

აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ხელისუფლების პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილმა უფლებადამცველი ორგანიზაციების ჯგუფმა, მათ შორის "ყოფილმა პოლიტპატიმრებმა ადამიანის უფლებებისთვის“, ძალადობის დაგმობის მიზნით 27 მაისს ამგვარი აქციის გამართვისკენ მოუწოდა.

მომიტინგეებმა 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენების გამოძიება და დაპატიმრებული მომიტინგეების გათავისუფლება მოითხოვეს. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 26 მაისს დაღუპულებს. მონაწილეებს სოლიდარობის ნიშნად მკლავზე შავი ლენტი ჰქონდათ გაკრული.


ფატიმა ქაროსანიძეს 28 მაისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე თავის 21 წლის ვაჟის,
დემურ მანაგაძის ფოტო უკავია, რომელიც, მისი თქმით, 26 მაისს საპროტესტო აქციის 
დარბევის შემდეგ გაუჩინარდა. მისი თქმით, დემურ მანაგაძე სახალხო კრების ახალგაზრდული 
ფრთის აქტივისტია. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

აქციაზე ურთიერთსაპირისპირო მოწოდებები ისმოდა, რომლის დროსაც ზოგიერთები აქციის მონაწილეებს დაშლისკენ და რამდენიმე დღეში ან ხვალვე შეკრებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო სხვები მოუწოდებდნენ, რომ აქციას პერმანენტული ხასიათი მიეღო ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით. ერთ–ერთი მათგანი, რომელიც „პერმანენტული აქციებისკენ“ მოუწოდებდა, სამოქალაქო ფრონტის ხელმძღვანელი ჯაბა ჯიშკარიანი იყო. საბოლოო ჯამში, მომიტინგეებმა დაშლა და 29 მაისს 15:00 საათზე შოთა რუსთაველის ძეგლთან შეკრება გადაწყვიტეს.

აქციის მსვლელობისას რამდენიმე ადამიანმა სახელისუფლებო ტელევიზიების ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ზოგიერთი მომიტინგე მოუწოდებდა მათ, ვინც აგრესიულად მოქმედებდა, თავშეკავება გამოეჩინათ და ჟურნალისტების შეურაცხყოფა შეეწყვიტათ.

მართალია აქციის ორგანიზატორებს შორის პოლიტიკური პარტიები არ ყოფილან, მაგრამ რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკოსი მაინც გამოჩნდა მიტინგზე. თუმცა, მათ რაიმე განცხადებები არ გაუკეთებიათ, რადგანაც აქციაზე შეკრებილი ხალხი პოლიტიკური ლიდერების მიმართ კრიტიკას გამოთქვამდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version