სუბარის და უსუფაშვილის დაპირისპირება პირდაპირ ეთერში


ტელეკომპანია "კავკასიაში"სოზარ სუბარისა და დავით უსუფაშვილის
დებატებს  დავით აქუბარდია მასპინძლობს თავის თოქ–შოუში.

ქართული პარტიის ერთ–ერთი დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ გაკეთებული განცხადებით გამოწვეული უთანხმოება ქართული პარტიის და რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს შორის 12 მაისს სატელევიზიო თოქ–შოუს ფარგლებში მწვავე დაპირისპირებით გაგრძელდა,  რომლის დროსაც ორმა ლიდერმა ერთმანეთს "ნაძირალა“ უწოდეს. 

ყოფილი სახალხო დამცველი და ქართული პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი გუშინ საღამოს ტელეკომპანია "კავკასიის“ თოქ–შოუში მართავდნენ დებატებს.

უსუფაშვილის თქმით, გამაღიზიანებელია, როდესაც ქართული პარტია ერთი მხრივ, რევოლუციის მიმდინარე წელს მოწყობის გეგმებზე აკეთებს განცხადებას, ხოლო მეორე მხრივ, აშშ–ს აკრიტიკებს, რაც თავისთავად გაუმართლებელია, რადგანაც ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ვაშინგტონი პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის პირობებში მეტ ზეწოლას ახდენს საქართველოს ხელისუფლებაზე დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული პარტიის პოზიცია მხოლოდ "სააკაშვილის პოზიციის გაძლიერებას“ უწყობს ხელს. უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სახელისუფლებო არხების მიერ ამ დაპირიპისპირების და კერძოდ, კი ოქრუაშვილის განცხადების და აშშ–ის საელჩოს წინ დაგეგმილი აქციის ინტენსიური გაშუქება იმის მანიშნებელია, რომ ქართული პარტიის ქმედებები ხელისუფლების ინტერესებშია.

"რევოლუციას სჭირდება შიდა ლეგიტიმაცია და გარე ლეგიტიმაცია… ვინ გინდათ რომ გიღიაროთ ეს რევოლუცია?“ – ჰკითხა უსუფაშვილმა სუბარს და დასძინა, რომ აშშ–ის გაკრიტიკების შემდეგ, "რჩება ერთადერთი ძალა" – "რუსეთი, რომელსაც შეუძლია ასეთი რევოლუციის ლეგიტიმაცია და აღიარება“.

ამ განცხადების შემდეგ სუბარმა ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიხსენა, რომელიც 2010 წლის თებერვალში მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შედგა.

იმ დროს სუბარი, უსუფაშვილი და ალასანია, ახალ მემარჯვენეებთან ერთად ალიანსი საქართველოსთვის წევრები იყვნენ. სუბარი "ალიანსს" ადგილობრივ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოშორდა, ხოლო არჩევნების შემდეგ ეს გაერთიანება დატოვა.  

"ალიანსის ლიდერის [ირაკლი ალასანიას] და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა არ ყოფილა შემთხვევითი; ეს შეხვედრა იყო დაგეგმილი მანამდე და ის შეხვედრები, რაც უძღოდა წინ, არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი… არ არის საჭირო ყველაფრის გაშიფვრა და რა იმედები არსებობდა [ამ შეხვედრასთან დაკავშირებით]. ამაზეც ნუ მალაპარაკებთ,“ – განუცხადა სოზარ სუბარმა უსუფაშვილს.

"თუ რამე სათქმელი აქვს სოზარ სუბარს დათო უსუფაშვილზე, თქვას აი ამ ეთერში,“ – უპასუხა უსუფაშვილმა. 

უსუფაშვილმა დაჟინებით მოსთხოვა სუბარს ეთქვა, რას გულისხმობდა: "თუ კაცი ხარ თქვი აი აქ".  ამის შემდეგ სუბარმა უპასუხა: "იყო მოლოდინი დაფინანსებაზე [რუსეთიდან].

"რა დაფინანსებაზე? ნაძირალა ყოფილხარ შენ,“ – განუცხადა უსუფაშვილმა სუბარს, რომელმაც საპასუხოდ უთხრა: "ნაძირალა შენ ხარ“.

ერთმანეთის შეურაცხყოფის შემდეგ ორმა პოლიტიკოსმა დებატები განაგრძო, რომლებიც დროდადრო მწვავდებოდა სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებზე, ძირითადად კი იმაზე, თუ რომელი იყო საუკეთესო გზა ხელისუფლების შესაცვლელად. სუბარი აცხადებდა, რომ ოპოზიციური რვიანის მმართველ პარტიასთან საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებების გამართვის პოლიტიკა უაზროა და ერთადერთი გზა სააკაშვილის გადასაყენებლად მასობრივი საპროტესტო აქციებია.

12 მაისს ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების პარტიამ „დაფინანსების მოლოდინზე“ სუბარის განცხადებას უპასუხა და მას "მხდალი და უსუსური პოლიტიკოსის“ მიერ გამოთქმული "მიზანმიმართული ცილისწამება“ უწოდა.

ახალი მემარჯვენეების წევრმა მამუკა კაციტაძემ ყოფილი პოლიტიკური პარტნიორის, სოზარ სუბარის განცხადებას "სამარცხვინო" და "აბსოლუტურად პასკვილური და შეთითხნილი რაღაც ბრალდება “ უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version