კარასინი: ტოჩკა–უ ცხინვალის რეგიონში დროებით განთავსდა

რუსეთმა "ტოჩკა–უ"–ს ტიპის ოპერატიულ–ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი ცხინვალის რეგიონში „დროებით“, წვრთნების მიზნით განათავსა, განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 4 მარტს "რია ნოვოსტის“.

“ტოჩკა–უ–ს მოწყობილობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეტანილი იქნა ჩვენს სამხედრო ბაზაზე წვრთნებში მონაწილეობის მიზნით; შეტანილი იქნა იქ დროებით,“– განაცხადა მან.

თუმცა კარასინმა არ დააკონკრეტა, თუ როდის გაიტანენ რაკეტებს სეპარატისტული რეგიონიდან.

მისი თქმით, მაისის დასაწყისში რუსეთი ეუთოს სამხედრო ინფორმაციის გლობალური გაცვლის მექანიზმების ფარგლებში წარუდგენს დეტალურ ინფორმაციას სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული რუსული შეიარაღებული ძალების და მისი აღჭურვილობის შესახებ. აღნიშნული მექანიზმი წარმოადგენს ინფორმაციის გაზიარების ყოველწლიურ რეჟიმს, რომლის ფარგლებში ეუთოს წევრი ქვეყნები ერთმანეთს უზიარებენ ქვეყნის გარეთ განთავსებული იარაღისა და პირადი შემადგენლობის შესახებ ინფორმციას.

120 კილომეტრამდე მოქმედების არეალის მქონე “ტოჩკა–უ“–ს ტიპის სარაკეტო კომპლექსის ცხინვალის რეგიონში განთავსების შესახებ ინფორმაცია იანვრის ბოლოს გავრცელდა.

საქართველოს საგარეო სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ქმედება ცხადყოფს, რომ "რუსეთი ამზადებს ღია სამხედრო აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version