საზოგადოებრივი მაუწყებელი აქციის მეორე დღეს ყურადღების ცენტრში მოექცა

რამოდენიმე ათასი მომიტინგე პარასკევს დღისით კვლავ შეიკრიბა პარლამენტის შენობის წინ.

25 ნოემბრის სახალხო კრების ორგანიზატორებს სპონტანურად მოუწიათ მათი ხელახლა შეკრება მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეთა ყველაზე რადიკალური ნაწილის ზეწოლის ქვეშ მოექცნენ, რომლებიც აქციის დაშლის თაობაზე ორგანიზატორთა გადაწყვეტილებამ გააბრაზა. ორგანიზატორთა თქმით, 25 ნოემბრის აქციის მასშტაბი არ იყო საკმარისად დიდი იმ "გადამწყვეტი ქმედებების“ დასაწყებად, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს გადადგომას აიძულებდა. სანაცვლოდ, მათ შესთავაზეს თბილისსა და რეგიონებში "კომიტეტების“ შექმნა "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის“ მოსამზადებლად.

დღის 2 საათზე პარლამენტის წინ ხელახლა შეკრების შემდეგ, რომლის დროსაც კვლავ ჩაიკეტა რუსთაველის გამზირი, მომიტინგეთა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ  საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ დაძრულიყო, რათა გაეპროტესტებინა ის, თუ როგორ გააშუქა მაუწყებელმა თავის საინფორმაციო გამოშვებებში 25 ნოემბრის აქცია. საავტომობილო მოძრაობა რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ აღდგა, რაც მომიტინგეთა ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ დაიძრა.   

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ უარყო კრიტიკა და განაცხადა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკმარისი დრო გამოყო 25 ნოემბრის აქციის გასაშუქებლად. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართული აქცია და მომიტინგეთა მოთხოვნები მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ტოლფასია. 

პარლამენტის წინ 25 ნოემბერს გამართული აქცია, რომელიც უმსხვილესი იყო ბოლო 18 თვის მანძილზე, ნაციონალური ტელევიზიების მთავარ საინფორმაციო გამოშვებების ბოლოსკენ გაშუქდა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეც; თუმცა ამ უკანასკნელმა თავის თოქშოუში, დიალოგი დავით პაიჭაძესთან ერთად, რომელიც იმავე დღეს მოგვიანებით გავიდა ეთერში, აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი ეკა ბესელია მიიწვია, სადაც სახალხო კრების შესახებ მასთან 20–წუთიანი საუბარი შედგა.

მაშინ როდესაც მომიტინგეები ტელევიზიის წინ იყვნენ შეკრებილები, ჭანტურია ბესელიას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ბესელიამ განუცხადა მომიტინგეებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა დაარწმუნა იგი, რომ არხი მოიწვევს სახალხო კრების ლიდერებს თავის თოქ–შოუებში; შემდეგ მან მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ შემდგომი აქციების ჩატარების გეგმები ჯერჯერობით არ არსებობს და რომ სახალხო კრების ორგანიზატორები იმსჯელებენ, რათა შემდგომი გეგმები დასახონ.     

მაისის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ უარი თქვა სახალხო კრებაში მონაწილეობაზე, კონსერვატორებისა და სახალხო პარტიის გარდა. აქციის ინიციატორთა შორის არიან ნინო ბურჯანაძის პარტია და ეროვნული ფორუმი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version