სააკაშვილი: საქართველოს რუსეთი იდეოლოგიურად უპირისპირდება

თბილისს „იდეოლოგიური დაპირისპირება“ აქვს მოსკოვთან, რადგან საქართველო რუსეთისთვის წარმოადგენს "მთავარ კონკურენტს“ განვითარების მოდელის თვალსაზრისით, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 სექტემბერს.

პრეზიდენტი საუბრობდა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან ანაკლიაში ზღვის სანაპიროზე, ღია ცის ქვეშ ორგანიზებულ შეხვედრაზე. თავის 40–წუთიან გამოსვლაში, რომელიც პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გადაიცემოდა, მან ისაუბრა დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

სააკაშვილის თქმით, პოსტ–საბჭოთა სივრცეში საქართველო გახდა რუსეთის მთავარი კონკურენტი იდეოლოგიური თვალსაზრისით. ეს თავისთავად მოხდა ასე, რადგან მისი თქმით, მიზნად იქნა დასახული ნორმალური ცხოვრების შესაქმნელად ისეთი რამის გაკეთება, რაც განსხვავებული იქნებოდა ადრინდელისგან.

“აღმოჩნდა, რომ ეს წინააღმდეგობაში მოვიდა იმასთან, რაც არის დამკვიდრებული მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში და პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა,  რუსეთის იმპერიალისტური სივრცის მემკვიდრეობა,“– განაცხადა მან.

მისი თქმით, უკრაინელი სახელმწიფო მოხელეები საქართველოში სტუმრობისას „რვეულითა და კალმისტრით დადიოდნენ ჩვენ  სამსახურებში და სწავლობდნენ“ საქართველოს რეფორმების გამოცდილებას. მისი თქმით, მოლდოვას მნიშვნელოვანმა ფიგურამ თქვა, რომ „არსებობს რუსული მოდელი და არსებობს ის, რაც გაქვთ თქვენ  და ჩვენ გვინდა თქვენი მოდელი გავიმეოროთო“.

“ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენზე უკეთესად იცის იმპერიის ხელმძღვანელობამ და ეს ყველაფერი მას უქმნის სასიკვდილო საფრთხეს,“– განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მან მოუსმინა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის გამოსვლას პოლიციის რეფორმაზე, სადაც  „ერთი სიტყვა არ არის საქართველოზე ნახსენები, მაგრამ აგებულია იმაზე, რომ საქართველომ რაც გააკეთა, ეს უნდა გაკეთდეს რუსეთში“.

მისი თქმით, რუსეთი ახლა საქართველოს "მიბაძვის რეჟიმშია“.

“ეს მიბაძვა არ გამოუვათ იმიტომ რომ, როცა ისინი აცხადებენ მოდერნიზაციას, როგორც ამ ქვიშაზე არ აშენდება ეს სასტუმრო, სანამ საფუძველს არ გაუკეთებ, ასევე შეუძლებელია ფეოდალურ ქვეყანაში აშენდეს თანამედროვე 21-ე საუკუნის საზოგადოება,“– განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას საერთოდ არ „ანერვიულებს“ რუსეთის შეთანხმებები სომხეთთან და უკრაინასთან, რომლებითაც რუსეთმა გაახანგრძლივა, შესაბამისად, მისი სამხედრო ბაზისა და შავი ზღვის ფლოტის ყოფნა ამ ქვეყნებში.

“პირდაპირ გეტყვით საერთოდ არ მანერვიულებს ეს ყველაფერი,“– განაცხადა მან, "გვანერვიულებს მოკლევადიანად, როგორც საფრთხე, მაგრამ გრძელვადიანად საერთოდ არაფერს არ მოუტანს ეს ამ ქვეყანას. თავისი დაჟანგული ბაზები როგორც გავიდა საქართველოდან, ასევე ბევრად უფრო ადრე გავა იმ ქვეყნებიდან, სადაც ის აწერს ხელს, აღარ ვლაპარაკობ ჩვენ ტერიტორიებზე,“– განაცხადა მან.

“ამიტომ,  ჩვენ ახლა კონცენტრაცია გვაქვს მხოლოდ ერთ თემაზე. პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის შეუქცევადობა, განვითარება, განვითარება და განვითარება,“– განაცხადა მან და ამ კონტექსტში გაიხსენა ოპოზიციის შარშანდელი ხანგრძლივი საპროტესტო გამოსვლები, რომელიც მისი თქმით, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული იყო.

მისი თქმით, ეს აქციები ფინანსდებოდა ევროპაში მოქმედი რუსულ–ქართული "მაფიის“ მიერ, რაც დადასტურდა ავსტრიის პოლიციის ანგარიშითაც, რაც მისი თქმით, აიტაცა გერმანულმა პრესამ, რომელიც არასოდეს იყო სიმპათიურად განწყობილი "ჩვენს მიმართ, მისი რუსოფილური ტენდენციების გამო“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version