სახალხო დამცველმა პარლამენტს ანგარიში ჩააბარა

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა 16 ივლისს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით 2009 წლის მეორე ნახევარში ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ ანგარიში წარადგინა.

ზოგადად მმართველი პარტიის დეპუტატები მიესალმნენ სახალხო დამცველის გაწეულ მუშაობას, თუმცა მათ ასევე აღნიშნეს, რომ ისინი ანგარიშის ზოგიერთ ასპექტს არ ეთანხმებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ  ანგარიში ობიექტურ კრიტიკასთან ერთად სუბიექტურ მიდგომებსაც შეიცავს.

მან განაცხადა, რომ ზოგ შემთხვევაში ანგარიში "პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისათვის წინადადებს“ შეიცავს.

ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილებას პარლამენტი 21 ივლისს მიიღებს. ჩვეულებისამებრ, პარლამენტის რეაგირება სახალხო დამცველის ანგარიშზე ისე მთავრდება, რომ პარლამენტი "ცნობად იღებს“ მას. თუმცა, საპარლამენტო უმცირესობა, როგორც წესი, მოუწოდებს ხოლმე მმართველ პარტიას ისეთი დადგენილება მიიღოს, რომელიც მოუწოდებს მთავრობას  შეასრულოს სახალხო დამცველის ანგარიშში გახმოვანებული რეკომენდაციები.

ტუღუშმა განუცხადა დეპუტატებს, რომ კვლავ პრობლემად რჩება პატიმართა ცუდი მოპყრობა და ამგვარი საქმეების გამოძიების ნაკლებობა.

სახალხო დამცველის განმარტებით, მან მიმართა მთავარ პროკურატურას ამ საქმეების გამოძიების მიზნით, თუმცა გამოძიების ეფექტურობა საეჭვოა, ვინაიდან მსგავსი საქმეების არც ერთ გამოძიებას კონკრეტული შედეგი არ მოუტანია და ეს ტენდენცია კვლავაც სახეზეა.

ტუღუშმა ასევე აღნიშნა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც სხეულის დაზიანებების მქონე პატიმრებს უარი უთქვამთ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან მიყენებული დაზიანებების შესახებ საუბარზე, ვინაიდან ციხის ადმინისტრაციის ეშინოდათ.

მისი თქმით, კვლავ პრობლემად რჩება გადატვირთული საკნები. ტუღუშის თქმით, ამის მიზეზია პატიმართა რაოდენობის ზრდა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, ასევე ხელისუფლების სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა და სასჯელთა შეკრებითობის არსებული პრაქტიკა.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ტუღუშმა განაცხადა, რომ პრობლემად რჩება მოსამართლეების მიერ შუალედური გადაწყვეტილებების და საბოლოო ვერდიქტების სათანადო დასაბუთება.

თავად ანგარიშში ნათქვამია, რომ სასამართლოს მიერ მოსმენილი რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმის ანალიზისას, ეს პრობლემა რამოდენიმეჯერ გამოვლინდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გადაწყვეტილებების არასაკმარისი დასაბუთება სისტემატური პრობლემაა.   

სახალხო დამცველმა ასევე განუცხადა დეპუტატებს, რომ ჟურნალისტების უფლებების შელახვის რამოდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი, ძირითადად რაიონებში, როდესაც ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

დეპუტატები საპარლამენტო უმცირესობიდან მიესალმნენ ანგარიშს, თუმცა დოკუმენტის ის ნაწილი გააკრიტიკეს, რომელიც რელიგიურ უფლებებს ეხება. კერძოდ, ტუღუშის ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული კონკორდატი პრივილეგიებს ანიჭებს ამ უკანასკნელს სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით; ამ კუთხით, ანგარიში ხაზს უსვამს იმ საგადასახადო შეღავათებს, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სარგებლობს კონკორდატის საფუძველზე.

ტუღუშმა განუცხადა დეპუტატებს, რომ ანგარიშში ყურადღება საგადასახადო შეღავათებზეა გამახვილებული და სახალხო დამცველს თავად კონკორდატის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

პრაქტიკა, რომლის თანახმადაც სახალხო დამცველი წელიწადში ორჯერ გამოდის პარლამენტში ანგარიშით, შეიცვლება. სახალხო დამცველის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, სახალხო დამცველი წელიწადში მხოლოდ ერთხელ წარდგება პარლამენტის წინაშე ანგარიშით.

ტუღუში მიესალმა ამ ცვლილებას და განაცხადა, რომ წელიწადში ორჯერ საკმაოდ დიდი მოცულობის ანგარიშების მომზადებას ბევრი დრო და რესურსი მიჰქონდა.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მისი აპარატი ნერგავს სპეციალური ანგარიშების მომზადების პრაქტიკას. ტუღუშის თქმით, იგი ამჟამად ორ ასეთ ანგარიშზე მუშაობს – ერთი დევნილთა ამჟამინდელ მდგომარეობას ეხება, მეორე კი ჯანდაცვის ვითარებას პენიტენციალურ სისტემაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version