სააკაშვილმა ადგილობრივ არჩევნებზე მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამომრჩეველს 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებზე მმართველი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

”თქვენ იცით, რომ ორ დღეში არჩევნებია. პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში მინდა მოგმართოთ არა უბრალოდ როგორც პრეზიდენტმა, არამედ როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, რომელმაც პრეზიდენტობის შემდეგ მთელი ცხოვრება ამ ქვეყანაში უნდა გაატაროს, რომელსაც ასევე შვილები ჰყავს გასაზრდელი ამ ქვეყანაში: ჩვენ ვიყავით მაფიის ქვეყანა, კანონიერი ქურდების, კორუფციის, დამპყრობლების სათარეშო და საჯიჯგნი ქვეყანა. სანამ პირში სული მიდგას, სანამ ის ორგანიზაცია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ ძლიერია, ვიდრე ეს გუნდი ერთად დგას კორუფცია, კანონიერი ქურდები და რუსეთი ვერასდროს ვეღარ მოაჯდება თავზე საქართველოს. ჩვენ ვქმნით ახალ ქვეყანას, ჩვენ ვირჩევთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც უნდა იყოს ხალხთან ახლოს. თქვენი იმედი და მხარდაჭერა ყოველთვის მქონდა. მინდა, რომ თქვენც გქონდეთ ჩემი იმედი. მე გთხოვთ და მოგიწოდებთ 30 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მხარი დაუჭიროთ აღმშენებლობის, კორუფციასთან ბრძოლის და საქართველოს გაერთიანების ნაციონალური მოძრაობის გუნდს,”- განაცხადა სააკაშვილმა 28 მაისს ქუთაისის განახლებული სტადიონის გახსნისას.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% ვერ კონტროლდება, საქართველოს ”დაქუცმაცებას ვერავინ” შეძლებს და მისი ერთიანობა აღდგება.

”მინდა გითხრათ, რომ იმ დიდი ბრძოლის მიუხედავად, რომელიც წინ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტს ჯერ ვერ ვაკონტროლებთ, თუმცა ის არც დაკარგულია და არც წართმეული, ვიდრე აქ ბოლო ქართველი ცოცხლობს, საქართველოს ვერავინ ვერ დააქუცმაცებს. როგორც ბაგრატი [ტაძარი] აღდგება თავის ძველ სიდიადეში, ისე აღდგება ერთიანი და ძლიერი საქართველო,”- მიმართა მან სტადიონზე შეკრებილებს.

"საქართველო იყო ქვეყანა, რომელიც ყველას ჩამოწერილი ჰყავდა; საქართველო ითვლებოდა და ქურდების სამშობლოდ. საქართველო იყო არაეფექტიანობის ნიმუში, უშუქობის, უგზოობის, უიმედოობის სიმბოლო. ყოველივე ეს ყველამ ერთად შევაბრუნეთ. 2003 წელს ჩვენ ყველამ ერთად ვთქვით: კმარა, ასეთი რამ საქართველოში არასდროს აღარ განვითარდება,”- განაცხადა სააკაშვილმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version