”იმედის” მორიგი ბოდიში

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწვეტილების შესაბამისად ”იმედმა” 20 მარტის საინფორმაციო გამოშვებაში კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში ერთი კვირის წინ გაშვებული ე.წ. ”მოდელირებული” სიუჟეტების გამო. 

ამჯერად ”იმედის” ბოდიშის ადრესატები არა მარტო მაყურებლები, არამედ ის უცხოელი დიპლომატებიც იყვნენ, რომელთა საარქივო კადრები და კომენტარები გამოყენებული იყო ე.წ. იმიტირებულ სიუჟეტებში და ასევე ”მოდელირებულ ქრონიკის” შემდეგ გასული თოქ-შოუს სტუმრები.

20 მარტს, ”იმედის” 20:00 საათიანი ახალი ამბების გამოშვება ”ქრონიკა” 27 წუთის დაწყებული იყო, როდესაც წამყვანმა, თამარ გედევანიშვილმა წაიკითხა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 15 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”ტელეიმედი” მაუწყებლობის შესახებ კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის, ლიცენზიის პირობების დარღვევის და ”საზოგადოების შეცდომაში შემყვანი გადაცემის გამო ბოდიშს უხდის მაყურებელს და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური სამსახურების წარმომადგენლებს, რომელთა კადრები მათთან შეუთანხმებლად იქნა გამოყენებული იმიტირებულ სიუჟეტებში.”

”შეგახსენებთ, რომ გადაცემაში მოყვანილი ყველა ფაქტი და სხვადასხვა პოლიტიკოსის, დიპლომატისა და საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ყველა განცხადება იყო იმიტაცია და არ წარმოადგენდა რეალურ ფაქტებსა თუ პოზიციებს. ”ტელეიმედი” ასევე ბოდიშს უხდის გადაცემაში მოწვეულ სტუმრებს, რომლებიც გადაცემის გამო დაუმსახურებლად აღმოჩნდნენ ნეგატიური რეაქციის ეპიცენტრში,”- ნათქვამია განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ტელეარხი ასევე აცხადებს, რომ ის მზად არის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განიხილოს მაყურებელთა საჩივრები.

”ტელევიზიის თანამშრომელთა მიზანია შემდგომი მუშაობის განმავლობაში მაყურებელმა იხილოს ჟურნალისტური ეთიკისა და სამაუწყებლო სტანდარტების უმაღლეს დონეზე შესრულებული სამუშაო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი ადგილობრივი არჩევნების და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას,” – ნათქვამია განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება ბევრმა ლმობიერად მიიჩნია; არსებობდა მოსაზრება რომ მარეგულირებელს ”იმედი” უნდა დაეჯარიმებინა. მაუწყებლობის შესახებ კანონი აძლევს კომისიას უფლებამოსილებას მაუწყებელი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით (მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა) დააჯარიმოს, თუ ის დაარღვევს კანონს, ქცევის კოდექს ან ლიცენზიის პირობებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version