სააკაშვილი: ავღანეთში განთავსებული ძალები ”პატრიოტულ საქმეს” ემსახურებიან

ქართული ძალები არიან და მომავალშიც იქნებიან განთავსებულნი ავღანეთში, რათა ემსახურონ ქართულ ”პატრიოტულ საქმეს” და იმ საერთო საქმეს, რომელსაც საქართველო თავის დასავლელ მოკავშირეებთან ერთად ასრულებს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 თებერვალს.

მან ეს განცხადება კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში გააკეთა, სადაც ქართული ძალები ავღანეთში განთავსების წინ სამხედრო მომზადებას გადიან. სააკაშვილი ცენტრს აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან ავღანეთსა და პაკისტანში, რიჩარდ ჰოლბრუკთან ერთად ეწვია.

”მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება ძალიან რთული მისია,” – განაცხადა სააკაშვილმა საწვრთნელი ცენტრის სამხედრო სასადილოში. სასადილოს მაგიდასთან მის გვერდზე რიჩარდ ჰოლბრუკი იჯდა.

”ავღანეთში წარმატებაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ მთლიანობაში მსოფლიოს და პირველ რიგში ავღანეთის, და შემდეგ კოალიციის ქვეყნების ბედი, არამედ ჩვენ ქართველებს კარგად გვესმის, რომ ასევე ჩვენი ბევრი საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებულები იქნებიან ჩვენი მოკავშირეები, მეგობრები, ის ხალხი, ვინც მხარს უჭერს საქართველოს მომავალს, მთლიანობას, ქართველი ხალხის კეთილდღეობას,” – განაცხადა სააკაშვილმა. 

საქართველომ ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობისთვის 175 სამხედრო გააგზავნა და გაზაფხულზე ბატალიონის გაგზავნასაც აპირებს.

”ჩვენი ჯარისკაცები იქ – და ესენი არიან პროფესიონალები, ესენი არიან მოხალისეები, და იციან კარგად, თუ რაზე მიდიან – უბრალოდ რაღაც ზოგად მისიას კი არ აკეთებენ, ისინი იქ ასრულებენ ქართულ პატრიოტულ საქმეს,” – განაგრძო მან, ”ჩვენ მათი დიდი იმედი გვაქვს. მათი ოჯახები და ჩვენ ყველანი ვნერვიულობთ მათ კეთილდღეობაზე, მათ უსაფრთხოებაზე. მაგრამ ამავე დროს ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ ბრძოლაში ჩაბმული იმისათვის, რომ უკან მოუხედავად და უკან დაუხევლად მივიყვანოთ ჩვენი საერთო საქმე ბოლომდე”.

”საქართველო ყოფილა ადრეც ამ ტიპის ოპერაციებში და როგორც რიჩარდ ჰოლბრუკმა მითხრა და როგორც გენერალმა [დევიდ] პეტრეუსმა [აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა] მითხრა, რომელიც თავის დროზე რიჩარდმა გამაცნო შარშან მიუნჰენში, ის აღტაცებული იყო ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმით, გამბედაობით, მომზადებით,” – განაცხადა მან.

ჰოლბრუკმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს წვლილს ავღანეთის ოპერაციაში, რაც, მისი თქმით, ”არ არის ადვილი” პატარა ქვეყნისთვის. მისი თქმით, ქართული ჯარები ”დიდ როლს შეასრულებენ მსოფლიოში ტერორიზმის დამარცხებაში”.

მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის შემოთავაზება საქართველოს ავღანეთში იარაღის მიწოდების სატრანზირო მარშრუტად გამოყენების თაობაზე ”ყურადღებით იქნა შესწავლილი” ამერიკის შეერთებულ შტატებში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ჯეიმს სტეინბერგის მსგავსად, ჰოლბრუკმაც განაცახდა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა სამხედრო მეთაურებზეა დამოკიდებული.

”ეს ძალიან რთული ლოჯისტიკური საკითხია, რაც ბევრ მოსაზრებას შეიცავს და ისინი [სამხედრო სარდლობა] ძალიან, ძალიან ყურადღებით სწავლობენ მას,” – იტყობინებიან Associated Press-ი და Reuters-ი ჰოლბრუკის სიტყვებზე დაყრდნობით.

2005 წლის მარტში საქართველომ და ნატომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ნატოს მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებას ავღანეთში ალიანსის შეიარაღებული ძალებისთვის საქართველოს გავლით ტვირთების მისაწოდებლად. თუმცა, საქართველოზე გამავალი ეს მარშრუტი იარაღის გადაზიდვას არ ითვალისწინებს. 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version