საქართველო უარს ამბობს უკრაინის არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლების გაგზავნაზე

საქართველო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლებს აღარ გააგზავნის, რათა დაიცვას ”ნეიტრალიტეტი” ორივე კანდიდატის მიმართ და შეინარჩუნოს ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილგანწყობა, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 3 თებერვალს.

”სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არჩევნების მეორე ტურზე იმის გამო, რომ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ქართველი დამკვირვებლების საკითხმა, საქართველო არ გაგზავნის დამკვირვებლებს უკრაინაში,”- განაცხადა მან, ”აქვე მოვუწოდებთ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არიან მიწვეული და აკვირდებიან არჩევნებს, დაბრუნდნენ სამშობლოში”.

იმ ქართველ დამკვირვებლებს, რომლებიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით უწევდნენ მეთვალყურეობას, აკრედიტაციაზე არანაირი პრობლემები არ შექმნიათ უკრაინის ცესკოს მხრიდან განსხვავებით საქართველოს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში წარდგენილი 2 ათასზე მეტი დამკვირვებლისგან, რომელთა დარეგისტრირებაზეც უკრაინის ცესკომ უარი განაცხადა. მეორე ტურისათვის უკრაინაში 400-მდე დამკვირვებლის გაგზავნა იგეგმებოდა. ქართული ოპოზიციის ნაწილმა პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინის მედია საშუალებებში დამკვირვებლებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული აუდიო-ჩანაწერების საფუძველზე უკრაინის საქმეებში ”უხეშ ჩარევაში” დაადანაშაულა.

პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანა არ ყოფილა ”უკრაინის არჩევნებში ჩარევა და რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა”.

”ჩვენ ვფიქრობთ და ვცდილობთ, რომ ორივე კანდიდატს შორის სრული ნეიტრალიტეტი იქნას დაცული და იმ კეთილგანწყობის შენარჩუნებას, რაც ტრადიციულად, ისტორიულად არსებობდა საქართველოსა და უკრაინას შორის,”- განაცხადა პრესსპიკერმა, ”აქედან გამომდინარე, ჩვენ უკრაინელი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ პირთან ვითანამშრომლებთ და მზად ვართ ახალ ეტაპზე გავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა”.  

7 თებერვალს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და პარტია რეგიონების ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი დაუპირისპირდებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version