სააკაშვილი: ჯონ მაკკეინი არის საქართველოს ეროვნული გმირი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბათუმში მყოფი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა იმ თანადგომის გამო, რომელიც რუსეთთან ომის დროს, მაშინ როცა  – ”პუტინს გადაწყვეტილი ჰქონდა თბილისზე წამოსვლა და დღესაც გადაწყვეტილი აქვს”  – აშშ-ის პრეზიდენტობის მაშინდელმა რესპუბლიკელმა კანდიდატმა საქართველოს მიმართ გამოიჩინა.

”როცა ჩვენ გვეკითხებიან რატომ ვმეგობრობთ ჩვენ ამ ქვეყანასთან [აშშ-სთან], ძნელი წარმოსადგენია, რომ რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს გამოეჩინათ ასეთი სოლიდარობა. როგორც იქცეოდა ჯონ მაკკეინი, თუნდაც, რუსეთის ღია სამხედრო ინტერვენციის პირველ დღეებში,”- განაცხადა სააკაშვილმა.

”თქვენ ნახეთ ჯო ბაიდენი, რომელიც ესაუბრებოდა ჩვენ ბავშვებს [ივლისში საქართველოში ვიზიტის დროს] და თუ მე ვინმე მეტყვის, რომ რომელიმე რუს ჩინოვნიკს, მოხელეს შეუძლია ასე ლაპარაკი რომელიმე ქართველთან, როგორც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ესაუბრებოდა პირველად ნანახ ლტოლვილ ქართველ ბავშვებს, მაშინ მე მზად ვარ უკან წავიღო ჩემი სიტყვები და გადავხედოთ ჩვენ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას,”- განაცხადა მან.

სააკაშვილმა გაიხსენა აგვისტოს ომის დროს, თუ რა რჩევებს იღებდა მსოფლიოს ცნობილი პიროვნებების მხრიდან: ”გვირეკავდნენ და გვირჩევდნენ: ’დაუყოვნებლივ მოაწერეთ ხელის ყველა პირობას, რომელსაც პუტინი თქვენ გიყენებთ, სხვანაირად თქვენ ფიზიკური განადგურება გემუქრებათ, შეწყვიტეთ ზედმეტი კუდაბზიკობა და ზედმეტი წინააღმდეგობა, რაც იყო, იყო, ყველაფერს დათანხმდით’ – მე ასეთი ძალიან ბევრი ცნობილი პიროვნება მირეკავდა მსოფლიოდან”. 

მისი თქმით, ამ ”პანიკური ზარების” ფონზე, დარეკა ჯონ მაკკეინმა და განაცხადა: ”ჩვენ ყველანი ვიდგებით თქვენს გვერდზე და ჩვენ ყველანი ვიქნებით ქართველები”.

”ეს იყო პირველი სინათლის გამონათება აბსოლუტურ უიმედობაში და წყვდიადში. იმიტომ, რომ ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ პუტინს გადაწყვეტილი ჰქონდა თბილისზე წამოსვლა და დღესაც გადაწყვეტილი აქვს და ძალიან მწარედ ნანობს, რომ არ წამოვიდა მაშინ,”- განაცხადა სააკაშვილმა. 

მისი თქმით, ნამდვილი მეგობრები შეიცნობა დიდი გაჭირვების დროს და ”ბევრი ადამიანი, ვინც გვეფიცებოდა მეგობრობას გაიქცა ყველაზე გადამწყვეტ მომენტში”.

”ეს კაცი [ჯონ მაკკეინი] იყო თავის ცხოვრების მთავარ ბრძოლაში, როცა რუსეთმა ღია ომი გამოგვიცხადა. მან მიატოვა თავის საარჩევნო კამპანია…  და რამდენიმე დღით ჩამოვიდა აქ. და დღეში რამდენჯერმე ჯონ მაკკეინი იცავდა საქართველოს მსოფლიოს სატელევიზიო არხებზე,”- განაცხადა სააკაშვილმა.

”ის, რომ საქართველო დღეს მაინც თავისუფალი ქვეყანაა, თუნდაც ნაწილობრივ ოკუპირებული, ეს არის ჩვენი მეგობრების, ჩვენი გვერდზე დგომის [დამსახურება] და ის, რომ თავისუფლების მოყვარე იდეებმა შეაჩერა ათასობით ტანკი… და ჯერ კიდევ შეჩერებული ჰყავს. და ჩვენ აუცილებლად ბოლომდე გავათავისუფლებთ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ აუცილებლად ამ ბოროტ ძალას ბოლომდე დავამარცხებთ,”- აღნიშნა მან.

სააკაშვილმა ბათუმში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიაზე მაკკეინს ასევე საჩუქრად გადასცა პისტოლეტი, რომელიც, მისი თქმით, აგვისტოს ომის დროს ერთ-ერთმა რუსმა გენერალმა გადასცა ”ადგილობრივ ხელისუფლებას”.  სააკაშვილის თქმით, ეს პისტოლეტი ამ რუსმა გენერალმა მოიპოვა ვიეტნამის ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი ერთ-ერთი ამერიკელი მფრინავისგან.

”მე მინდა ეს პისტოლეტი სიმბოლურად დავუბრუნო დიდ ამერიკელ [ვიეტნამის ომის] გმირს ჯონ მაკკეინს,” – განაცხადა სააკაშვილმა. 

ჯონ მაკკეინი საქართველოში კიდევ ორ რესპუბლიკელ სენატორთან, ჯონ ბარასოსთან და ჯონ თიუნთან ერთად ჩამოვიდა. პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრამდე დელეგაცია ბათუმში რამოდენიმე ოპოზიციურ ლიდერს შეხვდა. მათ შორის იყვნენ რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე და ”დაიცავი საქართველოს” თანადამფუძნებელი ლევან გაჩეჩილაძე.  

”ყველა იმ ჯილდოთაგან, რომელიც მე ჩემ ცხოვრებაში მიმიღია, ეროვნული გმირის ორდენი ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს ის ჯილდოა, რომელსაც მუდმივად გავუფრთხილდები,” – განაცხადა მაკკეინმა ბათუმში. 

მისი თქმით, ეს ჯილდო არის ”ორ ლიდერს შორის – ჩემსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის მეგობრობის” გამოხატულება. მან ასევე განაცხადა, რომ ეს კიდევ უფრო მეტია და ეს არის ”ჩვენ ორ ერს შორის პარტნიორობის და სოლიდარობის გამოხატულება”. 

”იმ ერებს შორის, რომელთაც საერთო გამოწვევები აქვთ, საერთო ინტერესები გააჩნიათ და საერთო დემოკრატიული ღირებულებები აერთიანებთ, როგორიცაა პიროვნების თავისუფლება, თანასწორუფლებიანობა, ადამიანის უფლებები და ადამიანის ღირსება,” – დასძინა მან. 

”ამგვარი რწმენა აძლიერებს ჩვენი ერების მეგობრობას, რაც უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე ერთი ლიდერი, რაც უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე ერთი მთავრობა, რაც უფრო მეტია, ვიდრე დღევანდელი ან ხვალინდელი მოვლენები. ჩვენი მეგობრობა ისეთი ხანგრძლივია, როგორიცაა ჩვენი ერთგულება იმ საერთო ღირებულებების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ,” – განაცხადა მაკკეინმა. 

11 იანვარს სენატორი მაკკეინი ზუგდიდშიც ჩავიდა, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საველე ოფისს ეწვია და მისიის ხელმძღვანელს ჰანსიორგ ჰაბერს შეხვდა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version