რუსი სამხედროები გაქცეული ჯარისკაცის შესახებ

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზღვრის დაცვის ნაწილმა  სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი სამხედრო, 25 წლის ვიტალი ხრიპუნი ქართულმა მხარემ დააკავა.

საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა 21 დეკემბერს, რომ რუსმა სამხედრომ სოფელ პერევში განთავსებული სამხედრო ნაწილი დატოვა და საქართველოს თავშესაფარი სთხოვა.

ხრიპუნმა განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს, რომ მან ”პოლიტიკური მოტივით” დატოვა სამხედრო ნაწილი.

”რია ნოვოსტი” და ”იტარ-ტასი” იტყობინებიან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, რომ ხრიპუნი 20-21 დეკემბრის ღამეს გაუჩინარდა. ამავე ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სეპარატისტულ რეგიონში მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ ხრიპუნი დაკავებულია.

”ქართული მხარე მზად იყო სამხედროს გადმოსაცემად, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ მან გადადო ეს პროცესი გაურკვეველი პერიოდით, ” – განაცხადა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელმა. ამავე ინფორმაციის თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება საქმის დეტალების დასადგენად.

2009 წლის იანვარში, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია რუსი ჯარისკაცის საქართველოში გამოქცევის პირველი შემთხვევის შესახებ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავდაპირველად აცხადებდა, რომ ჯარისკაცი ქართულმა მხარემ დაიჭირა. თუმცა, მოგვიანებით რუსულმა მხარემ დაადასტურა ჯარიდან გაქცევის ფაქტი და ჯარისკაცის ექსტრადირება მოითხოვა. თბილისმა ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. 

მეორე ანალოგიური შემთხვევა 2009 წლის ივლისში მოხდა, როდესაც ჯარისკაცმა ნაწილი დატოვა და საქართველოში ითხოვა თავშესაფარი.

2009 წლის ივნისში ლეიტენანტი ალიკ ბჟანია, რომელიც საქართველოს სანაპირო დაცვაში მსახურობდა, გაიქცა საქართველოდან და რუსეთში ითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version