თბილისი უარყოფს ლარსის გახსნაზე მოსკოვთან პირდაპირ მოლაპარაკებებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ უარყო პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან ყაზბეგი-ზემო ლარსის სახმელეთო საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით, თუმცა დაადასტურა ამ თემაზე ტექნიკური მოლაპარაკებების არსებობა სომხეთთან.

30 ოქტომბერს საზღვრის მოწყობაზე მომუშავე რუსეთის ფედერალური სააგენტო იტყობინებოდა, რომ ერევანში რუსულ და ქართულ დელეგაციებს შორის შედგა სამუშაო შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით.

”მხარეებმა დაადასტურეს პრინციპული დაინტერესება ამ გამშვები პუნქტიდან მოძრაობის სწრაფად აღდგენის თაობაზე,”- იტყობინებოდა უწყება და აქვე აღნიშნავდა, რომ სამუშაო შეხვედრის შედეგები ”წარედგინება რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ხელმძღვანელობას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად”.

ამავე ინფორმაციით, ერევანში შეხვედრაზე ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე კახა ჩიტაია, ხოლო რუსულ მხარეს სასაზღვრო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე იური მალცევი წარმოადგენდა.

”სამწუხაროდ, რუსული მხარის მიერ დეზინფორმაციას აქვს ადგილი იმის თაობაზე, რომ თითქოს ჩვენ მათთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები,”- განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ნინო კალანდაძემ, ”ჩვენ არავითარ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ რუსულ მხარესთან”.

”თქვენ იცით, რომ დიდი ხანია ჩვენს ინტერესშია ის, რომ ჩვენს მეზობელ სომხეთს – იმიტომ რომ მათთვის სასიცოცხლო დაინტერესების მატარებელია ლარსის საზღვრის გახსნა, ჩვენ ნებისმიერ დათმობაზე რეალურად წამსვლელები ვართ; იგულისხმება რომ იმ პირობებით, სანამ რუსეთი უკანონოდ დაკეტავდა საზღვარს მანამდე არსებული პირობებით ჩვენი მხრიდან დათმობებზე წავიდეთ და აღვადგინოთ. მიუხედავად ამისა რუსეთი ჯერ კიდევ გარკვეულ პრობლემებს ქმნის ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად ჩვენ სომხეთის მხარესთან შევთანხმდით, რომ ჩვენ ტექნიკურ მოლაპარაკებებს დავიწყებდით და დავიწყეთ კიდეც,”- განმარტა მან.

სახმელეთო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის 2006 წლის ივლისში რუსეთის მიერ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან ერთად შეწყდა. ეს სატრანზიტო გზა შესაბამისად დაიხურა სომხეთისთვისაც. 

მაისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვმა შეატყობინა თბილისს, რომ მზად არის გახსნას ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი; თუმცა, მას შემდეგ არანაირი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version