ომბუდსმენმა დეპუტატებს ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში წარუდგინა

ახალმა სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა პარლამენტს ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიში წარუდგინა, რომელიც 2009 წლის პირველი ნახევარს მოიცავს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდომარეობა იყო ”მძიმე”.

ანგარიშის მომზადება ყოფილი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის დროს დაიწყო, თუმცა იგი გიორგი ტუღუშმა დაასრულა.

ანგარიში, კერძოდ კი მისი ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებას ეხება, სახალხო დამცველის აპარატსა და სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს შორის დაპირისპირების წყარო გახდა.

“დღესდღეობით ერთ–ერთ ყველაზე პრობლემატურ სფეროდ საქართველოში სასჯელაღსრულების სისტემა რჩება,” – წერს ტუღუში ანგარიშის შესავალში.

თავად ანგარიში პრობლემებს შორის ასახელებს რამოდენიმე ციხეში გადატვირთულ საკნებს; პატიმართა ჯანდაცვის არასათანადო უზრუნველყოფას და ასევე პატიმართა ცუდ მოპყრობას. ”ძალის უკანონო გამოყენება, ცემა, წამება და არასათანადო მოპყრობა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებისთვის ”ნორმად“ იქცა,” – ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სულ 54 პატიმარი გარდაიცვალა. თუმცა, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების თითოეული დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში პატიმართა დაღუპვის რიცხვმა 62-ს მიაღწია.

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 30 ოქტომბერს განუცხადა ტელეკომპანია ”იმედს”, რომ ის ეჭვს შეიტანს იმ ანგარიშის ობიექტურობაში, რომელიც ყოფილმა სახალხო დამცველმა და ამჟამად ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა სოზარ სუბარმა შეადგინა.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ისთვის გაკეთებულ კომენტარში შაშკინმა განაცხადა: ”ეს ანგარიში მოამზადა ყოფილმა სახალხო დამცველმა, რომელიც ამჟამად ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის [ალიანსი საქართველოსთვის] ლიდერია”.

მან ასევე განაცხადა, რომ ანგარიშის თანახმად, დარღვევებს სასჯელაღსრულების სისტემაში ”სისტემატური” ხასიათი არ აქვს.

თუმცა, გიორგი ტუღუშმა დაიცვა ანგარიში და განაცხადა, რომ დოკუმენტში ასახული ფაქტები ”დადასტურებულია”.

”ბატონ სუბარს შესაძლოა არც უნახავს ანგარიშის ის ნაწილი, რომელის სასჯელაღსრულების სისტემას ეხება, რადგანაც მაშინ, როდესაც მან სამსახური დატოვა, ანგარიშის ეს ნაწილი ჯერ არ იყო დასრულებული,” – განაცხადა ტუღუშმა.

ანგარიში ხაზს უსვამს ”ახლო თანამშრომლობას” სახალხო დამცველის აპარატსა და სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს შორის.

ანგარიშის შესავალში ტუღუში წერს, რომ ”კვლავ პრობლემაა პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ისევე, როგორც წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების გამოძიება”.

”შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული უკვე წარმოადგენს სისტემურ პრობლემას, ვინაიდან ძალზედ მწირია იმ საქმეების სწრაფი და ეფექტური გამოძიება და დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც დაკავშირებულია პოლიციის მიერ ძალის გადამეტებასთან,” – წერს ტუღუში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version