ბურჯანაძის თქმით, ადგილობრივ არჩევნებზე ფოკუსირება უსარგებლოა

ადგილობრივ არჩევნებზე ფოკუსირების ნაცვლად, ოპოზიციამ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის და მიაღწიოს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერმა 8 ოქტომბერს.

”რუსთავი 2”-ის პოლიტიკურ თოქ-შოუში ”პოზიცია” საუბრისას, მან ხაზი გაუსვა, რომ ის არ ეთანხმება ალიანსი საქართველოსთვის გადაწყვეტილებას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. რომლის ჩატარებაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მომავალი წლის 30 მაისს შესთავაზა.

ალიანსმა, რომელშიც ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელების და ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები არიან გაერთიანებული, სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა, რომ თბილისის მერობის მათი კანდიდატი ირაკლი ალასანია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა სოზარ სუბარი, ყოფილი სახალხო დამცველი იქნებიან. ამასთან, ალიანსმა განაცხადა, რომ უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო და შეუერთდა საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიულ ჯგუფს.

”ლიდერობის ამბიციები გვერდზე უნდა გადავდოთ მანამ, სანამ სააკაშვილია პრეზიდენტი,”-  განაცხადა ბურჯანაძემ, ”ჩვენ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს უნდა მივაღწიოთ”.

”მე არ ვეთანხმები იმ არჩევანს, რომელიც ალიანსმა გააკეთა,”- განაგრძო მან, ”ნამდვილად არ მაქვს საფუძველი, რომ რაღაც ეჭვი გავაჩინოთ, რომ ალიანსი ხელისუფლებას გაურიგდა და რომ ის ხელისუფლების თამაშს თამაშობს; და სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ალიანსი დაინახავს, რომ მოლაპარაკებას არანაირი აზრი არ აქვს”.

მან იქვე დასძინა, რომ იმედოვნებს, ალიანსიც აირჩევს ”აქტიური ქმედების” სახით ხელისუფლებაზე ზეწოლის გზას.

მისი თქმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მყისიერად იმიტომ დათანხმდა შეურიგებელი ოპოზიციური პარტიებისგან კოალიციის შექმნას, რომ ის ძალიან კარგად იცნობს სააკაშვილს და არანაირი ილუზია არ გააჩნია, რომ სააკაშვილი დემოკრატიულ ნაბიჯებს გადადგამს და შესაფერის გარემოს შექმნის სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

5 ოქტომბერს ბურჯანაძემ მოუწოდა ”რეჟიმთან შეურიგებელ ოპოზიციურ ძალებს” გაერთიანდნენ ”დემოკრატიულ ფრონტში”, რათა ”ბოლო მოუღონ” არსებულ ხელისუფლებას.

მან 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყველა კანონიერი მეთოდი უნდა გამოიყენოს ოპოზიციამ ამ მიზნის მისაღწევად, მათ შორის ქუჩის აქციების გზაც.

მისი თქმით, ახლანდელი სუტუაცია განსხვავდება აპრილისაგან, როდესაც ოპოზიციამ პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიწყო. ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ხალხს მაშინ კიდევ ჰქონდა გარკვეული ილუზია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიწყო ომი, თუმცა ახლა სულ უფრო ცოტას თუ სჯერა ამ ილუზიების. გარდა ამისა, მისი თქმით, აპრილში სააკაშვილს გაცილებით მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდა, დღეს კი ის ფაქტიურად ”იზოლაციაშია”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version