სააკაშვილის თქმით, ომზე ანგარიში დიდი ”დიპლომატიური გამარჯვებაა”

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ტალიავინის მისიამ შარშანდელ აგვისტოს ომზე თავის ანგარიშში ”იმაზე მეტი სიმართლე თქვა,  ვიდრე ოდესმე წარმომედგინა და ეს არის საქართველოს დიდი დიპლომატიური გამარჯვება”.

მისი თქმით, ანგარიშში ”მხილებულია რუსეთი ტყიულებში” და ”არ აქვს მნიშვნელობა” იმ დასკვნას, რომ ”საქართველომაც დაარღვია რაღაცეები”.

”ჩვენ არასდროს არ ვმალავდით, რა თქმა უნდა, ჩვენ განვახორციელეთ ოპერაცია იქ,”- განაცხადა მან 1 ოქტომბერს ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ღია ცის ქვეშ შეხვედრაზე საუბრისას.

ქვემოთ მოცემულია სააკაშვილის გამოსვლის ის მონაკვეთი, რომელიც ომის საერთაშორისო გამოძიებას ეხება:

”ევროპის კავშირმა შექმნა კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა – მაგრამ ეს არ იყო ევროკავშირის კომისია – შარშანდელი ომის მიზეზები და რა მოხდა რეალურად.

ეს კომისია შეიქმნა ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით, თუმცა მე თვითონაც ბევრი ილუზია არ მქონდა იმიტომ, რომ მესმის, რომ ყველა ევროპულ ქვეყანას ჭირდება რუსეთი, გაზი, კონტრაქტები, ჭირდება თავის მანქანების გაყიდვა და ახლა პატარა საქართველოს გულისთვის აიტკივებდნენ კი თავს.

მაგრამ მე ერთი რამეც ვიცი, რომ მიუხედავად ამისა, ევროპელები ასევე სიმართლეზე თვალს ვერ დახუჭავდნენ.

შეიქმნა ეს კომისია და რა შედეგები მივიღეთ ამ კომისიით მუშაობით:

გახსოვთ რას ამბობდა შარშან რუსეთი? ’მე შევედი საქართველოში იმიტომ, რომ საქართველო დაესხა თავს ჩემს სამშვიდოებოებს, მე იქ მყავდა მოქალაქეები, საქართველომ მოკლა 2 ათასი ოსი – ბავშვი და ქალი და ამიტომ მე მაქვს ლეგიტიმური მიზეზი, რომ შევიდე’.

გუშინ ევროკავშირის კომისიამ, რომლის ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ მოსკოვში – მე ეს კარგად ვიცი – თქვა: ’არცერთი ფაქტი იმისა, რომ საქართველო თავს ესხმოდა სამშვიდოებოებს არ არსებობს’ – ტყუილი ერთი, რუსეთი იტყუება;

ტყუილი მეორე: კომისიამ თქვა, რომ ’მათ [რუსეთს] იქ არანაირი მოქალაქეები არ ჰყავდათ, ესენი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები’ – ჩაფლავდნენ, მეორეც ტყუილი აღმოჩნდა;

ტყუილი სამი: ქართველებმა ჩაიდინეს ოსების გენოციდი. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული  – და მე ღამე არ დამეძინებოდა ეს რომ სხვანაირად იყოს – ჩვენი ბიჭების გმირული წინააღმდეგობის დროს შარშან არცერთი ქალი და ბავშვი იმ ადგილებში, რომელსაც ჩვენ არ ვაკონტროლებდით და რომელშიც შევიდა ჩვენი შეიარაღებული ძალები – და ჩვენ არასდროს არ ვმალავდით, რა თქმა უნდა, ჩვენ განვახორციელეთ ოპერაცია იქ
–  არცერთი ქალი და ბავშვი არ დაღუპულა.

ქალები და ბავშვები დაიღუპნენ იქ, სადაც ქართულ პოზიციებს ბომბავდნენ. ყველა ქალი და ბავშვი, რომლებსაც რუსები აჩვენებდნენ [ტელევიზიით], აღმოჩნდა ”რუსთავი 2”-ის კადრები და ეს დადასტურდა უკვე.

ყველაზე დიდი და ჯოჯოხეთური ტყუილი, რომელიც თქვა რუსეთმა, აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე ბლეფი. ტყუილს აქვს მოკლე ფეხები და ეს გუშინ დაამტკიცა ავტორიტეტულმა საერთაშორისო კომისიამ.

მაგრამ ამ კომისიას აქვს მეორე ასპექტი, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის, ვიდრე უბრალოდ რუსეთის ტყუილების მხილება.  რუსული სახელმწიფო სიმართლეს ისტორიულად რომ ძალიან იშვიათად ამბობდა, თუ როდესმე ამბობდა, ეს ყველამ კარგად ვიცით.

პირველად საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში ავტორიტეტულმა საერთაშორისო კომისიამ თქვა, რომ  გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, დიდი რვიანი მუდმივმა წევრმა, მსოფლიოს ყველაზე დიდმა სახელმწიფომ ჩაიდინა სამხედრო დანაშაულებანი და ჩაიდინა ეთნიკური წმენდა  – ეს არის პირველად მთელი საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში.

ჩვენ როცა 1921 წელს დაგვესხა თავს რუსეთი და მოახდინა ჩვენი ოკუპაცია ისევე, როგორც ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია 1939 წელს, არანაირი საერთაშორისო კომისია მაშინ არ შექმნილა; ჩვენ როცა 91-93 წწ გაგვიჩაღეს სამოქალაქო ომი, არანაირი საერთაშორისო კომისია არ შექმნილა; ჩვენ როდესაც 2004 წელს მოგვიწყვეს დივერსიები, არანაირი კომისია არ შექმნილა.

ჩვენ მივაღწიეთ საერთაშორისო კომისიის შექმნას, თუნდაც მათი პირობებით, ყველაზე მათთვის მისაღები ექსპერტები შეიყვანეს – ევროპელები, მაგრამ მათთვის მისაღები, ვისაც წინასწარ ჰქონდა გამტყუნებული საქართველო – ამაზეც თვალი დავხუჭეთ, ამაზეც წავედით, იმიტომ, რომ მაინც გვქონდა გულში ის, რომ ევროპელები არიან და ტყუილს ბოლომდე ვერ იტყვიან.

და იმაზე მეტი თქვეს კიდე სიმართლე, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა.
 
ეს არის საქართველოს დიდი დიპლომატიური გამარჯვება, ჩვენი ისტორიისთვის.

ახლა შეიძლება თქვან, რომ ’კი მაგრამ დასკვნა რა არის. იმას იძახიან, რომ საქართველომ ყველაფერი არ დაიცვა, რაღაცეები საქართველომაც დაარღვია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის დასკვნა.

ამ კომისიას უნდა დაედგინა ფაქტები, რომელიც ისტორიაში ჩაიწერებოდა.

ამდენი ასეული ათასი ჩვენი მოქალაქე გამოაგდეს აფხაზეთიდან 92-ში, არასდროს ევროკავშირს და არცერთ უფრო სერიოზულ ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ ეს იყო ეთნიკური წმენდა. აქ წერია: ’ეთნიკური წმენდა’.

ახლა ჩვენ ილუზია ხომ არ გვქონდა იმისა, რომ ევროპა, რომელიც ემზადება ცივი ზამთრისთვის, ჭირდება რუსული გაზი, იგივე ევროპას უცებ რომ ეთქვა, რომ ’კი, ეთნიკური წმენდა ჩაიდინა, სამხედრო დანაშაულებანი ჩაიდინა და ამაში დამნაშავეა ვლადიმერ პუტინი’. და მოხდებოდა, რომ პუტინი შემდეგ ჯერზე რომ ჩავიდოდა ბრიუსელში, დაადანაშაულებდნენ, დაადებდნენ ბორკილებს და დააპატიმრებდნენ? მე მგონი ამის ილუზია არავის არ ჰქონდა.

მაგრამ ის, რაც მათ შექმნეს, როგორც დოკუმენტი, 1 წლის შემდეგაც, 5 წლის შემდეგაც, 10 წლის შემდეგაც, 30 წლის შემდეგაც არის საკმარისი საბრალდებო საფუძველი იმისათვის, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და ყველა, ვინც ამ სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში ჩაიდინა ეთნიკური წმენდა და დანაშაული კაცობრიობის წინაშე,  წარდგეს საერთაშორისო მართლმსაჯულების და რა თქმა უნდა, ისტორიის სამსჯავროს წინაშე.

ჩვენ ჩვენი სიმართლე გავიტანეთ, დავამტკიცეთ და ასე მოხდება ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენ თანამემამულეს – ბევრს არა, მაგრამ ზოგიერთს – აქაც არ უნდოდა ეს, ძალიან ბევრს არ აწყობს სიმართლე, რეალობა არის ის მაინც, რაც არის.

ეს ქმნის მყარ საფუძველს იმისათვის, რომ მომავალში ვერასდროს, ვერავინ ვერანაირად, გარდა ქვეყნებისა, რომელთაც… აგერ რუსებმა მოიპოვეს ვენესუელას მხარდაჭერა, მაგრამ ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი აღიარებინებს თავისი ოკუპაციის შედეგებს, ამითი მათ მიერ დაპყრობილი აფხაზეთი უფრო დამოუკიდებელი კი არ გახდება და სამხრეთ ოსეთზე აღარ ვლაპარაკობ, ოსების ტერიტორია აღარ არსებობს, მოსახლეობა იქ აღარ დარჩა და არაფერი – 10 ათასი კაცი ცხოვრობს დაახლოებით, ყველა ოსი ვინც იყო გამოიქცა აქეთ.

მაგრამ თუ რომელიმე ქვეყანა აიღებს თავზე ხელს და რუსეთის შანტაჟით, დაწოლით, მოსყიდვით აღიარებს რომელიმე ამ დაპყრობას, ამითი აფხაზეთი კი არ გახდება უფრო დამოუკიდებელი, ამითი ის ქვეყანა უარს იტყვის საკუთარ დამოუკიდებლობაზე. იმიტომ, რომ ის ვინც განსაზღვრავს ქვეყნები უნდა იყვნენ თუ არა დამოუკიდებლები – ევროკავშირი, აშშ და ყველა სხვა, იმან ჩამოაყალიბა, თამაშის წესები. ამიტომ კიდევ იშოვის ერთ-ორ ქვეყანას სადმე, კიდევ ორი ქვეყანა აღმოჩნდება სუვერენიტეტის გარეშე.

ამით ჩვენ არც სუვერენიტეტი დაგვაკლდება და არც ჩვენი სამართლებრივი პოზიციები შესუსტდება, თუმცა შეიძლება ესეც ვერ იშოვოს.

და როცა ვლაპარაკობთ ჩვენი სიმართლის ბოლომდე გატანაზე, ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს, ხალხნო, არის განვითარება”.

 

 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version