”საქმე ლაპარაკის პარალელურად” – სააკაშვილი

"საქმე ლაპარაკის პარალელურად,”- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და იქვე განმარტა, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ლოზუნგის – ”საქმე ლაპარაკის ნაცვლად” – ”ახალი ვარიაციაა”.

მან ეს განცხადება 15 სექტემბერს თურქეთთან დამაკავშირებელი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე გააკეთა, რომლის დროსაც მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო არის ”ყველაზე უფრო დამოუკიდებელი და დივერსიფიცირებული ენერგეტიკულად”.


აუდიო: ნაწყვეტი სააკაშვილის გამოსვლიდან

”ჩვენ ამ ხაზით გამოვრიცხავთ, პრაქტიკულად, რომ როდესმე ვინმემ ერთი ხაზი ჩაგვიჭრას და საქართველო ჩაბნელდეს, – განაცხადა მან გაიხსენა რა 2006 წლის იანვარი, როცა რუსული ”ენერგოდივერსიის” გამო ქვეყანა ენერგეტიკული პრობლემების პირისპირ აღმოჩნდა.

”მაშინ მე დავპირდი ჩემ თავს და ჩვენს ხალხს, რომ ჩვენ არასდროს აღარ დავუშვებთ ჩვენი ბავშვების გაყინვას იმის გამო, რომ დენი ან გაზი გაითიშა, ჩვენ არასდროს მივცემთ საშუალებას ერთ მოთამაშეს ენერგეტიკულ ბაზარზე გვიკარნახოს თავის თამაშის ეკონომიკური და პოლიტიკური პირობები, ჩვენ არასდროს აღარ დავუშვებთ, რომ საქართველოს იყოს ისე დამოკიდებული ერთ მიმართულებაზე, რომ მის დამოუკიდებლობას შეექმნას ძალიან სერიოზული საფრთხე,”- განაცხადა მან, ”ეს ხაზი არის ჩვენი დაპირების ასრულება, რომელიც მივეცით ჩვენს ხალხს”.

მისი თქმით, ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე თავდაპირველად 2 ათასი ადამიანი, ”საბოლოო ჯამში, კი უახლოეს თვეებში და წლებში 20-30 ათასი ადამიანი დასაქმდება” ამ ხაზისა და ახალი ჰიდროენერგეტიკული სადგურების მშენებლობისა და ექსპლოატაციაში შესვლის შედეგად.

”ეს არც ფანტაზიებია, ეს არც გაზვიადება არ არის და ამავე დროს, ეს არც გარანტირებული არ არის, რადგან ეს დამოკიდებული იქნება ჩვენს სტაბილურობაზე, ჩვენ პოლიტიკურ მდგრადობაზე,”- განაცხადა მან, ”როდესაც ჩვენ შეგვეძლება 1000 მგვტ-ის ექსპორტი თურქეთში და შეგვეძლება საქართველოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მოვა ახალი ინდუსტრიები, ახალი საწარმოები”.

მაშინ  როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი პრესკონფერენციაზე საუბრობდა, მის უკანა ფონზე მშენებლებმა ელექტროგადამცემი ხაზის ანძა დაამონტაჟეს.

”ეს არის [ნაციონალური მოძრაობის] საარჩევნო ლოზუნგის [”საქმე ლაპარაკის ნაცვლად”] ახალი ვარიაცია: საქმე ლაპარაკის პარალელურად,”- განაცხადა მან და იქვე დასძინა: ”მე ვლაპარაკობდი და საქმე გაკეთდა”.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მაღალი ძაბვის ელექტროგამცემი ხაზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებულია ქვესადგურ “გარდაბანი-500”-დან ახალციხემდე არსებული 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის “ვარძია” (188კმ) მშენებლობის დასრულება, ქვესადგურ “ზესტაფონი-500”-დან ახალციხემდე არსებული 500 კვ-იანი ელექტროგამცემი ხაზის “ზეკარი” (59კმ) მშენებლობის დასრულება, ასევე, 400 კვ-იანი ელექტროგამცემი ხაზის “მესხეთი”-ის მშენებლობა ახალციხიდან თურქეთის საზღვრამდე.

ხაზის მშენებლობას შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის ფარგლებში “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ახორციელებს, ხოლო პროექტის 260 მლნ ევროს ოდენობით დაფინანსებას უზრუნველყოფენ ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KFW).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version