პოლიციას გორისა და კასპის რაიონებში ცეცხლის გაუხსნეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ გუშინ და დღეს ცხინვალის რეგიონის სიახლოვეს ქართული პოლიციის მიმართულებით რუსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ორჯერ გაიხსნა ცეცხლი. ინციდენტების შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ის ცნობით, ერთი შემთხვევა დღეს დილით, 07:30 საათზე მოხდა, როცა ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის კუთვნილ  ‘’პიკაპს’’ კასპის რაიონის სოფელ ლამისყანიდან სოფელ საკორინთლოს მიმართულებით პატრულირებისას.

”ინტენსიური ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთი წუთის განმავლობაში  ხორციელდებოდა  რუსების მიერ კონტროლირებადი საქართველოს ტეროტორიიდან სოფელ მონასტრიდან.  ინციდენტის შედეგად  დაზიანებულია  პოლიციის ავტომანქანა,”- აცხადებს შსს.

მეორე შემთხვევა, შსს-ის განცხადებით, 28 მაისს 20:00 საათზე მოხდა, როცა გორის რაიონის სოფელ კოშკასთან განლაგებულ პოლიციის საგუშაგოს ”ცეცხლი გაუხსნეს რუსების მიერ კონტროლირებადი საქართველოს ტერიტორიიდან, სოფელ დისევიდან”.

”ინტენსიური სროლა გრძელდებოდა სამი წუთის განმავლობაში მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან, რა დროსაც დაზიანდა სოფელ კოშკასთან მდებარე პოლიციის საგუშაგო,”- იტყობინება შსს.

ინციდენტები წინ უსწრებს სოფელ დვანში დღეს ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში ევროკავშირისა და ეუთოს ხელშეწყობით დაგეგმილ შეხვედრას ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების, ასევე რუსული ძალების წარმომადგენლების მონაწილეობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version