სააკაშვილი: ”ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვერავინ გზები ვეღარ გადაკეტოს”

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 19 მაისს ფოთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ არავის მისცემს უფლებას გადაკეტოს მაგისტრალები.

”არის ხალხი, რომელიც იძახის უნდა გადავკეტოთ პორტები, აეროპორტები, გზები, იმიტომ, რომ ჩვენ სკამები გვინდა,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ვერასდროს, ვერავინ საქართველოში ვერც გზები ვეღარ გადაკეტოს, ვერც რკინიგზის თვითბლოკადა ვერ გამოაცხადოს და ვერც სხვანაირად გაუმწაროს ჩვენ ხალხს ცხოვრება და შეუშალოს განვითარებაში ხელი.”

”ქვეყანას სჭირდება არა პოლიტიკური რყევები, არა სამ თვეში ერთხელ ჩატარებული არჩევნები – გეგონება რომელიმე ბანანის რესპუბლიკა ვიყოთ და იქ ხდება ხოლმე ასე – არა გადატრიალების მცდელობები, როგორც აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ხდება ხოლმე ან იმიტაცია გადატრიალების მცდელობის, იმიტომ რომ საქართველოში გადატრიალებას ნამდვილად ვერავინ ვერ გააკეთებს, არა მუდმივი მუქარა, რომ ჩვენ ახლა ამას ავაფეთქებთ, ამას გადავკეტავთ – ამით მთავრობას კი არა ხალხს ურტყამენ, ხალხს აკლებენ შემოსავალს, ხალხს აკლებენ პერსპექტივას,” – განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, საქართველოს ახლა ”ყველაზე მეტად” ჭირდება სიმშვიდე და ერთიანობა.

”ქვეყანას სჭირდება დიალოგი, ქვეყანას სჭირდება ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები, მაგრამ არ შეიძლება, რომ შენი მოქალაქე ისე დაამცირო, როგორი რადიკალური პოლიტიკოსიც არ უნდა იყო, როგორი პირადი ამბიციაც არ უნდა გამოძრავებდეს, რომ 40 ლარს და 50 ლარს უხდიდე იმისათვის, რომ ერთი ღამე გაათენოს გალიაში. იმ ხალხს ხომ უჭირს? იმ ხალხს მე არ ვამტყუნებ შია და უჭირს. შენ ნუთუ არ გაქვს იმის პასუხისმგებლობა – ჯერ ერთი ვისგან იღებ ფულს ეს ყველამ კარგად ვიცით და მერე რაში დებ ამ ფულს? აჭამე დააპურე და გაუშვი სახლში და შენი მადლიერი იქნება,” – განაცხადა სააკაშვილმა.

”მე და მთავრობას პასუხისმგებლობა გვაქვს თითოეული  მოქალაქის მიმართ. ჩვენ მშვენივრად გვესმის ხალხის გაჭირვება, ჩვენ მშვენივრად გვესმის ხალხის მოუთმენლობა, იმიტომ რომ მრავალი წელია ადამიანები არიან სიღარიბეში და ეს იღებს ქრონიკულ ხასიათს., მაგრამ ყველას უნდა ქონდეს პასუხისმგებლობა… ამიტომ ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა არის სტაბილურობის უზრუნველყოფა, ქვეყანაში შემდგომი საგადასახადო სხვა წნეხის შემსუბუქება და ჩვენი აღმშენებლობის გაგრძელება საქართველოს თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება,” – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version