”იმედის” ჟურნალისტებმა ხელმძღვანელობას საპროტესტო განცხადებით მიმართეს

ტელეკომპანია ”იმედის” 50-მდე ჟურნალისტმა არხის ხელმძღვანელობას საპროტესტო განცხადებით მიმართა და მათთვის დაწესებული აკრძალვები გააპროტესტა, ასევე მოითხოვა ერთობლივი მექანიზმების შემუშავება, რათა ”იმედს” დაუბრუნდეს საზოგადოების ნდობა.

ამის შესახებ 5 მაისს გაზეთი ”რეზონანსი” იტყობინება და ასევე აქვეყნებს განცხადების სრულს ტექსტს, სადაც ჟურნალისტები აპროტესტებენ არხის საინფორმაციო სამსახურის სარედაქციო პოლიტიკას.

”ვთვლით, რომ ტელეკომპანია ”იმედის” საინფორმაციო სამსახური არაობიექტურად აშუქებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს,”- ნათქვამია განცხადებაში, სადაც კონკრეტულ აკრძალვებზეა საუბარი.

ჟურნალისტები მიმართავენ ხელმძღვანელობას თანამშრომლობის წინადადებით, რათა მოიძებნოს გამოსავალი და მოუწოდებენ გადაწყვეტილება 6 მაისის დღის ბოლომდე იქნას მიღებული.

განცხადების ადრესატები არიან ”იმედის” გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი და მისი მოადგილე, საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამები დირექტორი ალექსანდრე ფარულავა.

გაზეთ ”რეზონანსთან” საუბარში ბიძინა ბარათაშვილმა განაცხადა, რომ ის ინფორმირებულია განცხადების შესახებ. ”ჟურნალისტების მხრიდან გამოთქმულია სურვილი ტელევიზიაში გავაჯანსაღოთ სიტუაცია და ჩვენ მზად ვართ ამისთვის,”- განაცხადა ბარათაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version